ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა, რომელიც ჩატბოტ Claude-ის შემქმნელია, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) განაცხადი წარადგინა. კომპანიის აქციებით ვაჭრობა შესაძლოა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყოს. IPO-ს ფარგლებში Anthropic-ის სამიზნე შეფასება და გასაყიდი აქციების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
კომპანიის განაცხადის თანახმად, Anthropic-მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაახლოებით $16.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $1.2 მილიარდი იყო. ამასთან, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიის წმინდა ზარალმა $80.7 მილიარდი შეადგინა. IPO-ს წამყვანი ბანკები Goldman Sachs-ი და Morgan Stanley იქნებიან.
Anthropic-მა IPO-ზე განაცხადი კონფიდენციალურად ჯერ კიდევ ივნისში შეიტანა. კომპანია საფონდო ბირჟაზე „ANT“ ტიკერით აპირებს შესვლას. მისი საჯარო შეთავაზება შესაძლოა საფონდო ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი დებიუტი გახდეს.
Anthropic-ის IPO-ს შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ორშაბათს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. Nvidia-ს აქციები 2.4%-ით გაძვირდა, Microsoft-ის – 1.5%-ით, Tesla-ს – 5%-ზე მეტით, Micron-ის – 3%-ით, Broadcom-ის – 2.3%-ით, ხოლო CoreWeave-ის – 1.8%-ით.
მილიარდობით დოლარის ვალდებულებები
IPO-ს განაცხადში განსაკუთრებულ ყურადღებას კომპანიის სამომავლო ფინანსური ვალდებულებები იპყრობს. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Anthropic-ის მთლიანმა ვალდებულებებმა $117 მილიარდი შეადგინა. თუმცა ეს მაჩვენებელი სრულად არ ასახავს კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რადგან იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული თანხები ბალანსზე მხოლოდ მაშინ აისახება, როდესაც იჯარის პერიოდი ოფიციალურად იწყება.
Anthropic-ის შეფასებით, 2026 წლის 30 ივნისისთვის მომავალ პერიოდებზე გათვლილი, ბალანსზე ჯერ ასახული არარსებული იჯარის ვალდებულებების ჯამურმა მოცულობამ $321 მილიარდი შეადგინა.
კომპანიას მსხვილ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულებები აქვს აღებული. კერძოდ, Anthropic-მა Microsoft-თან 2026 წლის ნოემბრიდან 2033 წლის მაისამდე პერიოდში მინიმუმ $45 მილიარდის დახარჯვის ვალდებულება აიღო. Google-თან 2026 წლის აპრილიდან 2033 წლის ივლისამდე პერიოდისთვის გათვალისწინებული თანხა $114.5 მილიარდია, Amazon-თან კი 2026 წლის მაისიდან 2036 წლის აპრილამდე – $110 მილიარდი.
გარდა ამისა, SpaceX-თან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში კომპანია 2029 წლამდე პერიოდში $120.5 მილიარდამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. Nscale Global Holdings-ის საკუთრებაში არსებულ შვილობილ კომპანიებთან გაფორმებული შეთანხმებების ღირებულება 2033 წლამდე $44.6 მილიარდამდეა, ხოლო Lambda-სთან დაკავშირებული ვალდებულებები 2034 წლამდე დაახლოებით $41 მილიარდს შეადგენს.
Anthropic-ს დაარსებიდან დღემდე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში $19 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული. Forbes-ის შეფასებით, კომპანიის ვალდებულებებმა 2045 წლამდე შესაძლოა დაახლოებით $1 ტრილიონს მიაღწიოს. ეს თანხა PwC-ის პროგნოზით, 2050 წლამდე ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში დასახარჯი $31.6 ტრილიონის დაახლოებით 3%-ს უტოლდება.
კომპანიის მასშტაბური საინვესტიციო გეგმები და ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯები მნიშვნელოვან ფინანსურ გამოწვევას ქმნის. თუ Anthropic-ი შემოსავლების ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე და, პოტენციურად, ტექნოლოგიური სექტორის მიმართ ინვესტორების განწყობაზეც აისახება.
რამდენს ფლობენ Anthropic-ის დამფუძნებლები?
Forbes-ის გამოთვლებით, Anthropic-ის თითოეული თანადამფუძნებელი კომპანიის დაახლოებით 1.4%-იან წილს ფლობს. კომპანიის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის წილის სავარაუდო ღირებულება $13.6 მილიარდია, ხოლო კომპანიის პრეზიდენტის, დანიელა ამოდეის – $13.7 მილიარდი.
ორშაბათის მდგომარეობით, დარიო ამოდეის ქონება $15.5 მილიარდს შეადგენდა, რაც მას Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 178-ე ადგილს ანიჭებდა. ამავე პოზიციაზე დანიელა ამოდეიც იყო წარმოდგენილი. კომპანიის საზოგადოებრივი სარგებლის მიმართულების ხელმძღვანელის, ჯეკ კლარკისა და მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ჯარედ კაპლანის წილების სავარაუდო ღირებულება, თითოეულის შემთხვევაში, $13.7 მილიარდია.
Anthropic-ს IPO-ს ფარგლებში სამიზნე შეფასება ჯერ არ გაუსაჯაროებია. თუმცა, თუ კომპანიის საბაზრო ღირებულება $1.5-2 ტრილიონის ფარგლებში იქნება, როგორც ეს გავრცელებულ შეფასებებშია ნავარაუდევი, Forbes-ის გამოთვლებით, თითოეული თანადამფუძნებლის ქონება $20 მილიარდს გადააჭარბებს.