ლიეტუვას ფეხბურთის ფედერაციის (LFF) ცნობით, უეფა-ს ერთა ლიგის მატჩი ლიეტუვას და კვიპროსის ნაკრებებს შორის პარასკევს მარიჯამპოლეს (Marijampolė) სტადიონზე გაიმართება, რადგან შეხვედრის თავდაპირველი ადგილის - კაუნასის მინდვრის გაზონის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული.

LFF-ს განცხადებით, კვიპროსის ნაკრების დელეგაცია კაუნასში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვიდა, სტადიონს ესტუმრა და მისი მდგომარეობის ნახვის შემდეგ, მატჩის სხვა სტადიონზე გადატანა მოითხოვა.

შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად სამხრეთ-დასავლეთ ლიეტუვაში მდებარე ქალაქი მარიჯამპოლე შეირჩა.

კაუნასის „დარიუსისა და გირენასის“ სახელობის სტადიონის მოედანი ზაფხულში აქ გამართული მრავალი მუსიკალური კონცერტის დროს დაზიანდა.

„ეს არის სირცხვილი და იმედგაცრუება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯერ კიდევ მარტში გაცემული ჩვენი მითითებები და წინადადებები სტადიონის მდგომარეობისა და შესაძლო შედეგების შესახებ სტადიონის მენეჯერმა არ გაითვალისწინა და ასეთი სიტუაციაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა ლიეტუვას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედგარას სტანკევიჩიუსმა.

„ტურნირის დასაწყისი შავი ლაქით გამოირჩა და ახლა მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ არა ფინანსურ ზარალზე, არამედ სტადიონის ოპერატორის უუნარობაზე, სათანადოდ მართოს სიტუაცია, მინდვრის მოვლის თვალსაზრისით, რამაც ზიანი მიაყენა ჩვენს ფეხბურთსა და მის გულშემატკივრებს“, - დასძინა მან.

მატჩის დრო უცვლელი რჩება და ის პარასკევს, ადგილობრივი დროით, 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების მფლობელები კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მარიჯამპოლეში მატჩზე დასრება უფასო იქნება.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი