საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 9.5 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ახალი ინფრასტრუქტურა სოფელ სათივესთან არსებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად მოეწყობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქმედი ხიდის ტექნიკური პარამეტრები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საკმარისი არ არის.
ამ მიზეზით, სოფელ სათივეში ავტომობილით მისასვლელად მოსახლეობას დამატებით დაახლოებით 9 კილომეტრის გავლა უწევს. არსებული მარშრუტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზიდან სოფელ ახალდაბამდე ჩასვლას, შემდეგ კი ადგილობრივი გზით უკან, სათივეს მიმართულებით გადაადგილებას მოიცავს.
პრობლემურია თავად ახალდაბიდან სათივემდე არსებული გზის მდგომარეობაც. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რთულ რელიეფზე გადის და, დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის შემთხვევაში რამდენიმე მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
უწყების შეფასებით, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სათივეს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელ მანძილსა და მგზავრობის დროს. ამასთან, შემცირდება გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯებიც და მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო კავშირი ექნება.