რუსეთში კანადაში მოპარული ავტომობილების კონტრაბანდული გზით შეტანის ერთ-ერთ მარშრუტად საქართველო გამოიყენება. ამის შესახებ The New York Times ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანადიდან მოპარული მანქანების რუსეთში გადასატანად კრიმინალური ქსელები სხვადასხვა სატრანზიტო მიმართულებას იყენებენ, მათ შორის — არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ლიეტუვას.

ინტერპოლის მონაცემებით, 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივლისამდე რუსეთში დაახლოებით 4 800 კანადაში მოპარული ავტომობილი აღმოაჩინეს. ამ პერიოდში ორგანიზაციამ 4 798 შესაბამისი შეტყობინება მიიღო.

კანადის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მხოლოდ მონრეალის პორტში ყოველ კვირას ათეულობით კონტეინერს ამოწმებენ და საშუალოდ 20-30 მოპარულ ავტომობილს ავლენენ. მათი საერთო ღირებულება შესაძლოა 2 მილიონ დოლარს აღწევდეს. მსგავსი კონტროლი კანადის სხვა პორტებშიც ხორციელდება.

გასულ წელს კანადამ საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, აღმოჩენილი დაახლოებით 200 მოპარული ავტომობილი დაიბრუნა. The New York Times-ის ცნობით, მხოლოდ გასულ თვეში რუსეთიდან კანადაში ექვსი მოპარული ავტომობილის დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

გამოცემის თანახმად, კანადიდან ავტომობილები ძირითადად სატვირთო კონტეინერებით გადის და რუსეთში ახლო აღმოსავლეთისა და სხვადასხვა სატრანზიტო ქვეყნის გავლით ხვდება.

კრიმინალური ქსელების ინტერესის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია პიკაპები, მათ შორის Ford F-150, Dodge Ram და Toyota Tundra. The New York Times-ის ინფორმაციით, ასეთი ავტომობილები ხშირად წინასწარი შეკვეთით იპარება და საერთაშორისო ბაზარზე მათი რეალიზებისთვის რუსული და კანადური კრიმინალური ჯგუფები თანამშრომლობენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ გარკვეული პიკაპები რუსეთს უკრაინის ფრონტზე, მათ შორის დრონების გასაშვებად, აქვს გამოყენებული. ზოგიერთი ასეთი ავტომობილი სატელიტური გამოსახულებების მეშვეობით ირანშიც დაფიქსირდა.

პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მოპარული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მისი ქურდობისთანავე ყოველთვის არ აისახება. ამის გამო, მანქანამ შესაძლოა რამდენიმე თვე და რამდენიმე საბაჟო საზღვარი გადაკვეთოს, სანამ მისი სტატუსი საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება. ამ დროისთვის ავტომობილი შესაძლოა უკვე რამდენჯერმე იყოს გადაყიდული.

The New York Times-ის შეფასებით, დასავლური ექსპორტის შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთში უცხოურ, მათ შორის ბრენდირებულ ჯიპებსა და პიკაპებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. გამოცემის ცნობით, ამ მოთხოვნამ ავტომობილების მოპარვისა და მათი რუსეთში კონტრაბანდული გზით გადატანის საერთაშორისო ქსელების განვითარებას შეუწყო ხელი.