Gmail ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს. 

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს - ცხოველთა უფასო ვაქცინაციები, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა; ცხოველთა გადაადგილება და ვეტერინარული კონტროლი; გაეცნენ ასევე დაავადებათა ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობებს. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში საქმიანი შეხვედრების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ბიოუსაფრთხოების პუნქტები, სადაც დღეში, საშუალოდ, 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი და უსასყიდლოდ ემსახურება ცხოველთა მეპატრონეებს; სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. დელეგაცია იმყოფებოდა ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცხვრის გადასარეკ ტრასაზე, სადაც ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა და ვეტერინარული კონტროლი მიმდინარეობს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა იორდანელ კოლეგებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდა პირდაპირ კავშირშია იმ ღონისძიებებთან, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს. 

„ყოველწლიური უფასო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზოონოზური დაავადებების თავიდან აცილებისა და გამოვლინებების უმოკლეს ვადებში ლოკალიზაციისკენ არის მიმართული, რაც უზრუნველყოფს საქართველოსთვის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს