ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში მან კომპანიის 50-წლიან ისტორიაში შემოსავლების კუთხით საუკეთესო შედეგები აჩვენა, რაც დიდწილად ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დამსახურებაა.
FactSet-ის ინფორმაციით, Microsoft-მა მესამე კვარტალში ერთ აქციაზე $3.30-ის შემოსავალი მიიღო, წმინდა შემოსავალმა კი $24.7 მილიარდი შეადგინა. ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინი ერთ აქციაზე $3.10, წმინდა შემოსავალი კი $23.2 მილიარდი გახლდათ.
კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა გასულ კვარტალში ნავარაუდევი $64.6 მილიარდის ნაცვლად, $65.6 მილიარდი შეადგინა და მეორე კვარტლის რეკორდიც მოხსნა ($64.7 მილიარდი). ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Microsoft-ის აქციათა ფასი 2%-ით გაიზარდა. მესამე კვარტალში 33%-ით გაიზარდა Microsoft-ის ქლაუდ-სერვისის, Azure-ის გაყიდვებიც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 87%-ით გაიზარდა. შედარებისათვის, ამავე პერიოდში S&P 500-ის აქციათა ფასი 57%-ით, Apple-ის აქციათა ფასი კი 50%-ითაა გაზრდილი.
Microsoft-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი კომპანიაა. კომპანიის გასული ფისკალური წლის წმინდა შემოსავალმა $88 მილიარდი შეადგინა. მიმდინარე ფისკალური წლის ბოლოსთვის კი, დიდი ალბათობით, ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება.