ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ცესკოს შედეგებით გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე - დამარცხებული.

როგორც მან BMG-ის მიმდინარე მოვლენების შეფასებისას უთხრა, მმართველ პარტიას მოუწევს, ერთი მხრივ, ქვეყანა წაიყვანოს დაპირებული ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და მშვიდობისკენ და მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ღირსეულად გაიმარჯვეს.

„გამარჯვებული პარტია გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე - ოპოზიცია. ჯერ არის გამარჯვება, მერე - საქმის გაკეთება. რისთვის გაიმარჯვე?! - შენი ამომრჩეველი უნდა წაიყვანო დაპირებული ევროპისაკენ, კეთილდღეობისკენ და მშვიდობისკენ. თუ ამომრჩეველმა უპირატესობა მისცა მმართველ პარტიას, ეს არის უშველებელი ტვირთი. ამის შემსრულებლები თუ არიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუმცა ამავე დროს, მთელი მსოფლიო ეუბნება - "დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულები ხართო", ამიტომ არიან რთულ მდგომარეობაში“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება კითხვას, პოლიტიკური პროცესების ბიზნესზე შესაძლო გავლენების შესახებ, თემურ ჭყონია პასუხობს, რომ ბიზნესიც სეგმენტირებულია და არსებობს როგორც მთავრობაზე მორგებული ბიზნესი, პრაგმატულები და ბიზნესმენები, რომლებიც გულისტკივილით გამოხატავენ, რომ სურთ, უფრო კარგ ქვეყანაში აწარმოონ ბიზნესი.

„მთავარი არის, რომ პრობლემები, რომელიც დღის წესრიგში დგას, ცნობილია ოპოზიციისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც, ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე და არა იმაზე, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ვიბრძოდით პარტიებისთვის, თუ რომელი გაიმარჯვებდა - ეს არასწორია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანა იყოს ბედნიერი; ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ღარიბი ადამიანი.

რაც შეეხება ბიზნესს, მე არ ვეთანხმები მიდგომას, რომ ბიზნესმა ბიზნესის საქმე უნდა აკეთოს, ფეხბურთელმა ითამაშოს, მომღერალმა იმღეროს, პოლიტიკოსმა პოლიტიკა აკეთოს და ა.შ. ეს არის საზოგადოების დაყოფა, ასე არ შეიძლება. შეიძლება ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, მაგრამ ქვეყნის მომავალზე ყველა უნდა იყოს ერთიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ეს არჩევნები ისე დამთავრდა, როგორც ახლა არის, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესი გადასახადს აღარ გადაიხდის ან სამუშაო ადგილებს არ შექმნის. გადასახადებსაც გადავიხდით, სამუშაო ადგილებსაც შევქმნით, ტექნოლოგიებსაც განვავითარებთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ არ ვემსახურებით პარტიებს, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას, ოჯახს და მეგობრებს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

წყარო: bm.ge