„აბსურდამდე მივიდა აღსრულების ნაწილი,“ - ასე აფასებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებული ხმაურის რეგულაციის აღსრულების მექანიზმს.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პრობლემა არა ხმაურის შეზღუდვა, არამედ ავტომობილების შემოწმების ჩვენთან შემოღებული პრაქტიკაა, რა დროსაც ავტომობილებს კანონდარღვევის გარეშეც (როცა არ ხმაურობს) აჩერებენ, ხმას კი მაღალ ბრუნზე ზომავენ.
მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ არსებული მიდგომა რეალური პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება და რეგულაციის მიზნებთან დაკავშირებითაც კითხვებს აჩენს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს ხმაურსაზომი მოწყობილობებით ამოწმებენ. რეგულაციის მიხედვით, ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე - 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება.
„ჩვენთან მთელი ამბავი ის არის, რომ როცა ყველაზე მაღალი ხმა შეიძლება გამოსცეს მანქანამ, სწორედ იმ ბრუნზე ზომავენ. რაც ჩემი შეფასებით, დაუშვებელია.
ბევრი ავტომობილია, რომელსაც ხმის გამოცემის კუთხით რამდენიმე რეჟიმი აქვს და სხვადასხვა ხმას გამოსცემს იმის მიხედვით, თუ რა რეჟიმში იმართება მანქანა. ევროპაში აღსრულება ხდება მაშინ, როცა კანონდარღვევას აქვს ადგილი, მაგრამ როცა ავტომობილები გადააადგილდებიან ჩვეულებრივი რეჟიმით, მათ არავინ აჩერებს და არ ამოწმებს მაღალ ბრუნზე თუ რა ხმა შეიძლება გამოსცეს მანქანამ. თუ არ არღვევ, არავინ გამოედევნებოდა იქ ავტომობილს ხმის გასაზომად, მით უმეტეს, გაჩერებულ მანქანას არავინ დაგაქოქინებს.
ჩვენ შემთხვევაში კი, შეიძლება მოვიდეს შესაბამისი ორგანოს თანამშრომელი და გითხრას: აბა, დაქოქე, გადართე სხვა რეჟიმზე, აიყვანე მაღალ ბრუნზე და ასე ამოწმებენ. აბსურდამდე მივიდა აღსრულების ნაწილი.
შეუძლებელია, ეს ასე გაგრძელდეს. იმდენად უაზრობაა ეს ყველაფერი და უკვე იმდენი ასეთი რეგულაცია დაგროვდა, რომ ადრე თუ გვიან ამ ყველაფრის წაშლა და თავიდან დაწერა მოუწევთ. უბრალოდ, ეს პერიოდი როგორღაც უნდა გადავიტანოთ.
ჩემი აზრით, ეს რეგულაცია ხმაურის გამო არც შემოუღიათ. უფრო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაზე იბრძვიან. ამასთან, უნდათ, რომ ბიუჯეტს მეტი ფინანსური სარგებელი მოუტანონ. მსგავსი კუდები უფრო უჩანს ამ ყველაფერს. არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობებიც კი 80 დეციბალზე მაღალ ხმას გამოსცემს. საერთოდ, რაზე გვაქვს საუბარი?!
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც იმის ბრალია, რომ არ ხდება წინასწარ კანონპროექტების გამოტანა და შესაბამის სპეციალისტებთან ერთად განხილვა, მსჯელობა, რომ ლოგიკური დასკვნები დაიდოს და კონკრეტულად მოარგო ქვეყანას. ყველა ქვეყანას თავისი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. შეიძლებოდა მსჯელობა და რაღაც დასკვნამდე მისვლა.
ჩვენთან უმეტესობა ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილი მოძრაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ მათ სტანდარტებთან უნდა დავაახლოვოთ. მოტოციკლები იქნება თუ ავტომობილები იქიდან თუ ჩამოიყვან ქარხნულს, ქარხნულზე უკეთესად როგორ გადააკეთებ?! თან, რომც გინდოდეს გადაკეთება, მანდაც ახალი კანონი შემოაშველეს, რომ გადაკეთებაზეც ჯარიმდები.
მეორე კუთხითაც რომ შევხედოთ ამბავს - დავუშვათ, მე მყავს Mustang-ი. იმის გამო, რომ ასეთი რეგულაციებია, ვერ გავყიდი შესაბამის ფასად. თან მომწონს ეს Mustang-ი, ხომ არ გადავაგდებ?! მომიწევს გავაჩერო და ვიყიდო ჰიბრიდი ან რომელიმე ჩუმი ავტომობილი, რომ გადავადგილდე ღამე. ანუ ის კი არ გამოდის, რომ მოაკლდება ავტომობილების რაოდენობა, პირიქით, მოემატება, იმიტომ, რომ იმ ერთის მაგივრად ორი მეყოლება.
2017 წლიდან დაიწყო მიდგომა, რომ „ავტომობილებს გავანახევრებთ“ და ა.შ. იქიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ეს არ გამოვა. ავტომობილები მცირდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ომია, სხვა შემთხვევაში ყველგან იზრდება რაოდენობა. მით უმეტეს, ჩვენნაირი მოწყობის ქვეყანაში, სადაც ადამიანებისთვის შემოსავლის წყაროა მანქანა, ეს არ გამოვა.
არ არსებობს, ადრე თუ გვიან მოხდება ამ რეგულაციის კორექტირება ან უკან გატანა, რადგან აბსურდია. ამ კანონის ავტორი რომ ვყოფილიყავი, თუ არ მენდომებოდა უკან დახევა, აღსრულების ნაწილს მაინც შევუცვლიდი ფორმას. მაშინ შევამოწმებდი ხმაურზე ავტომობილს, როცა კონკრეტული კანონდარღვევა მოხდებოდა.
შენ ხმაურობ? აი, ხელსაწყო გავზომავ და თუ 80 დეციბალზე მაღალი ხმა დაფიქსირდა, დაგაჯარიმებ. თუ დარღვევა არ ხდება, მაშინ ეს კანონი უნდა იყოს მიყუჩებული. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს შეიძლება გაეკეთებინა“, - ამბობს მევლუდ მელაძე.