უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები შეაფასა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება გაზრდილია ისრაელის მხრიდან და ასევე, ბაზარზე ჩინური ინტერესებიც გამოჩნდა.

ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, მოთხოვნა არის როგორც საცხოვრებელ ბინებზე, ისე საოფისე და კომერციულ ფართებზე.

"ბევრი ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონება შეიძინოს, რომელსაც გამოიყენებს არამარტო საცხოვრებლად, არამედ ინვესტირების ნაწილში - შემდგომი გაქირავების მიზნით. ბაზარზე ქართველი მომხმარებელიც საკმაოდ ბევრია და უცხოელიც. ბოლო პერიოდში, ისრაელის მხრიდან არის მოთხოვნა და ასევე, ჩინური ინტერესებიც გამოჩნდა, რომლის განვითარებას შემდგომში უფრო აქტიურად ველოდებით. მოთხოვნაა საცხოვრებელ ბინებზე. მომხმარებლები არჩევენ რაც შეიძლება საინტერესო ლოკაციებს და ისეთ პროექტებს, რომლებიც უკვე დასრულებულია. გარდა ამისა, კომერციულ ნაწილში, საოფისედ ხშირად ხდება ფართების დატვირთვა. გარკვეულ პერიოდში სასტუმროების შეძენაზე იყო მოთხოვნა გაზრდილი, ამ ეტაპზე ეს პროცესი შენელებულია, თუმცა მოთხოვნა კვლავაც არსებობს", - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი.

მან ასევე, სექტორზე არჩევნების გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგადად  პოლიტიკური მოვლენები უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეულ ეფექტს ახდენს, რაც საბოლოო ჯამში ფასს და აქტიურობის მაჩვენებელს განსაზღვრავს.

"საარჩევნო წელი უძრავი ქონების ბაზარზე ყოველთვის აისახება, რაც ტრანზაქციების შენელებაში გამოიხატება. მომხმარებელი ცდილობს დაელოდოს სიტუაციის ცვლილებას და შემდეგ, მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან შესაძლებელია მოხდეს ფასის კლება, ან პირიქით გაძვირება. საქართველოში, ბუნებრივია, ვერ ავცდით ამ ფაქტორებს, თუმცა ბაზარი ბოლო დღეების მანძილზე აქტიურდება და ფასებიც დასტაბილურებულია. ველოდებით, რომ უფრო მეტად დასტაბილურდება როგორც მოთხოვნის ნაწილი, ისე ფასები", - აღნიშნა მან.

bp.ge