კანონპროექტი თურქეთის მმართველმა პარტიამ მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივა პატიმრობას ითვალისწინებს მათთვის, ვინც „სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობს“. ინიციატორი მმართველი პოლიტიკური ძალა, ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიაა’’. ,,უცხოური გავლენის წინააღმდეგ'' კანონპროექტს თურქეთის პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს. ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დოკუმენტს ბუნდოვანს უწოდებენ და მის ფორმულირებას აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, კანონი შეიძლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყოს გამოყენებული.  

  

გამოცემა ,,Bloomberg’ წერს, რომ ისინი კანონპროექტის ტექსტს გაეცნენ. მათი ცნობით, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდოს იმ ადამიანების საქმიანობა, ვინც ხელისუფლების თანახმად, „მუშაობს სახელმწიფოს უსაფრთხოების ან მისი შიდა თუ გარე პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ“ უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციის გავლენით ან დავალებით. დარღვევა შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოცემა წერს, რომ თურქეთში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში ,,უცხოელი აგენტების შესახებ’’ მიღებულ კანონს მოგვაგონებს.

 

,,Bloomberg’’ დოკუმენტის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიის’’ ინიციატივაზე თურქულმა BBC-მ დაწერა. მასალაში ნათქვამია, რომ დეპუტატებჯაშუშობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით გაფართოებული სისხლის სამართლის მუხლის ამოქმედებას ითხოვენ. ის, ვინც „უცხო სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ან მითითებების შესაბამისად“ მოქმედებს, პატიმრობა ემუქრება. თუ დარღვევა ომის დროს დაფიქსირდა ან კანონი სტრატეგიული საწარმოების თანამშრომელმა დაარღვია, მაშინ სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

ექსპერტები და ჟურნალისტები კანონის ორაზროვანი ფორმულირებით შეშფოთებულნი არიან. ოპოზიციურ ,,რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში’’ მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი გზას გაუხსნის „ბევრად რეპრესიულ გარემოს“. მედიის წარმომადგენლები კი პროექტის განხილვის გაუქმებას ითხოვენ.