„უძრავი ქონების ავტომატური რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში დაყადაღებული ქონების რაოდენობა უცებ ძალიან გაიზარდა“ - ამის შესახებ საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.
„თუ ქონება გვაქვს, მაგრამ მას არ დავტვირთავთ იპოთეკით, ასეთ შემთხვევაში არ ვთავისუფლდებით იმ ვალდებულებისგან, რომ როცა საფინანსო ინსტიტუტს მოუნდება, მას შეუძლია დააყადაღოს თქვენი ქონება და გაიტანოს ის აუქციონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის იპოთეკით დატვირთული არ არის.
მაგრამ როდესაც ქონება არ არის ჩვენზე რეგისტრირებული, ასეთ დროს გვეკისრება დავალიანება თავისი საპროცენტო განაკვეთებით და ჯარიმებით, რაც დროში არის პროგრესირებადი და ის მუდმივად იზრდება. თუ სააღსრულებო ბიუროს გადაეცა ეს საქმე, ჩვენ ავტომატურად ვვარდებით მოვალეთა რეესტრში. ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად დაყადაღდება ჩვენი საბანკო რესურსები, ასევე ყველა ის ქონებრივი ველი, რაც შეიძლება ჩვენს საკუთრებას ასახავდეს. მაგალითად, თუ არ გაქვთ ქონება, მაგრამ მოულოდნელად მემკვიდრეობით მიიღეთ, ისე, რომ არ ჩანს ყადაღა, მას შემდეგ რაც ამ ქონებას დაირეგისტრირებთ, წამიერ რეჟიმში ის გახდება დაყადაღებული“ - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში დაწყებულმა უძრავი ქონების ავტომატურმა რეგისტრაციამ ამ მხრივ დაყადაღებული ქონებების რაოდენობა უცებ გაზარდა.
„ახლა, როდესაც ქვეყანაში უძრავი ქონების ავტომატური რეგისტრაცია მიმდინარეობს, როდესაც ადამიანებს ავტომატურ რეჟიმში დაუკანონდათ ქონება, დაყადაღებული ქონების რაოდენობა ქვეყანაში უცებ ძალიან გაიზარდა.
ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ხანდაზმულობის პრინციპიც, რადგან არის შემთხვევები, რომ ადამიანებს 5 წლის წინ აღებული სესხის მიუხედავად, რომლის ხანდაზმულობის ვადა უკვე დამდგარია, ავტომატური რეგისტრაციით მიღებული ქონება მაინც დაყადაღებულა.
აქ გასათვალისწინებელია შემდეგი რამ: თუ ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს, სააღსრულებო ბიუროს ან ნოტარიუსს, ამოწერა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო საქმე დაიწყო. მას მერე, რაც სააღსრულებო საქმე იწყება, მისი ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი, ანუ 3 წელი და პლუს 10 წელი. შუაში ამას ემატება ის დრო, რაც სასამართლოზე იხარჯება. ეს ვირტუალური ყადაღა სულ დასევს ჩვენს ქონებას“ , - განაცხადა ადვოკატმა.