გადაცემა „ბიზნესი და სამართლის“ ეთერში ნინო ლიპარტიასთან ერთად იურისტმა და კონსულტანტმა კიბერსამართალისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ეკა გორდაძემ პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, როცა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვაზიარებთ.

„ინტერნეტში ჩვენი ქცევა განსხვავებულია, ჩვენ ასე რეალურ ცხოვრებაში არ ვიქცევით. ეს განმაპირობებელი ფაქტორია, რასაც კიბერთაღლითები მათ სასარგებლოდ იყენებენ. ადამიანები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მუშავდება, უნდა დავაკვირდეთ, რომელ ვებ-გვერდებზე, რომელი პლატფორმების მეშვეობით, რომელი კონკრეტული ციფრული საიტის გამოყენებისას ვაზიარებთ ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას. ასევე, რამდენად საჭიროა, ამ ინფორმაციის მიწოდება. პირველი, ესაა მიზნობრიობა და მოცულობა ამ ინფორმაციის, იქნებ, შესაძლებელია ამ მომსახურების მიღება ყველა სახის ინფორმაციის გაცემის გარეშეც.

რა საკვირველია, ნდობაც უნდა გვქონდეს იმისადმი, ვისაც ინფორმაციას ვუზიარებთ.

ყველაზე ფრთხილად საბანკო მონაცემების გაზიარებისას უნდა ვიყოთ, ასევე საკონტაქტო ინფორმაციის. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ განსაკუთრებული ხასიათის მქონდე მონაცემებს: ჯანმრთელობის შესახებ, ნასამართლობის შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების თუ რელიგიურ აღმსარებლობის შესახებ.

დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია კიბერჰიგიენის დაცვაც, რაც გულისხმობს ციფრულ სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს“,- აღნიშნა ეკა გორდაძემ.