იპოთეკით დაცული პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. როგორც ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ამ ეტაპზე ბანკები აქტიურად მუშაობენ იპოთეკით დაცული ობლიგაციების ემისიისთვის.

„პირველი გამოშვება მომავალი წლის პირველ ნახევარში მოხდება, გამომდინარე იმ ტემპებიდან რა ტემპებითან საბანკო სექტორის წარმომადგენლები მუშაობენ შიდა სისტემების მოსამზადებლად. მთავარია პირველი ემისია შედგეს და იყოს წარმატებული, რისი ყველა ინდიკატორი არსებობს. როგორც ემიტენტების, ანუ ბანკების მხრიდან მზაობის თვალსაზრისით, ისე ინვესტორების მხრიდან აღნიშნულ პროდუქტში ინვესტირების განხორციელების სურვილის თვალსაზრისით. მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც დაადასტურეს, რომ ისინი შეიძენენ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებს და  საფინანსო ბაზარზე აქტიურები იქნებიან.  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბანკის მზაობა გამოუშვას ობლიგაცია, არამედ ინვესტორთა სურვილი აღნიშნულ ობლიგაციაში  ინვესტირება განახორციელონ. საერთაშორისო გამოცდილება სწორედ იმას მიუთითებს, რომ ეს ინსტრუმენტი მაღალი კეთილსაიმედოობით, ნდობით სარგებლობს და ამიტომ, განსხვავებულ სურათს არც საქართველოში მოველით.“-აღნიშნა დავით აბესაძემ.

მისივე განმარტებით, მარეგულირებლის ძალისხმევა მიმართულია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისაკენ. იპოთეკით დაცული ობლიგაციები, იგივე „ქავერდ ბონდები“ კი  არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც დიდ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.

„ე.წ  „ქავერდ ბონდი“, ეს არის კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაცია, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით დაცული სესხებით.  ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი სანდოობით სარგებლობს და საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებით, კომერციულ ბანკებს ექნებათ საშუალება დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინონ აღნიშნული ახალი ინსტრუმენტის გამოყენებით. მოგეხსენებათ, კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 88 მლრდ ლარს აღემატება. შესაბამისად მაღალია კომერციული ბანკების ინტერესი დაფინანსების ახალი წყაროების მოძიების თვალსაზრისით."-აღნიშნა დავით აბესაძემ.

რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის ბაზარს, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2.3 მლრდ ლარს აღწევს. სამი კვარტლის განმავლობაში  ემიტენტებმა გამოუშვეს 400 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

bp.ge