„იმ პროგრამებმა, რომელშიც სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს, 5 წლის განმავლობაში 16 ფიზიკის და 25 ქიმიის მასწავლებელი მოამზადა,” - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა შალვა ტაბატაძემ „ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში განათლების ხარისხის პრობლემა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებიდან და იმ პროგრამებიდან იწყება, რომელიც კვალიფიციურ კადრებს ვერ უზრუნველყოფს.

კერძოდ, როგორც შალვა ტაბატაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ძირითადად მასწავლებელთა იმ კონტინგენტს ( ინგლისური, ქართული, სამოქალაქო განათლება და ისტორია) ამზადებს, სადაც ყველაზე ნაკლები პრობლემაა (მათ შორის გამოცდების კუთხით), მათი დასაქმების ალბათობა კი მინიმალურია.

„ცოტა რთულია გამიჯვნა ვინ მასწავლებელია და ვინ მასწავლებლობის მსურველი, იმიტომ რომ გამოცდებს ყველა აბარებს. როგორც იცით, 2015 წლამდე სრულად გვქონდა მონაცემები და როდესაც მონაწილეები გამოცდებს აბარებდნენ, თვალნათელი იყო საგნობრივი თვალსაზრისით სად გვქონდა პრობლემები და გამოწვევები.

კარგად ჩანდა, რომ დაწყებითების მასწავლებლების კუთხით გვქონდა დიდი პრობლემები და 80% იჭრებოდა ამ გამოცდებში. ისევე როგორც სერიოზული გამოწვევები გვქონდა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების მიმართულებით. აქ პრობლემა იყო ასაკის თვალსაზრისითაც, მასწავლებლების უმრავლესობა იყო ასაკოვანი და ახალგაზრდა კადრებს არ ამზადებდა სისტემა. შესაბამისად, პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა კადრების წახალისება, რომ შემდეგ მასწავლებელთა კორპუსი გაგვეჯანსაღებინა, რათა ხარისხიანი განათლება მიგვეცა.

ამის საპასუხოდ, მასწავლებელთა განათლების პროგრამები გავხადეთ უფასო, 60-კრედიტიან მასწავლებელთა განათლების პროგრამას აფინანსებს სახელმწიფო. ერთი შეხედვით თითქოს სწორი საგანმანათლებლო პროგრამა აწარმოა სახელმწიფომ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამებზე, რომელსაც სახელმწიფო მილიონობით ლარით აფინანსებს, დაახლოებით 50% ინგლისურისა და ქართული ენის მასწავლებლები არიან დარეგისტრირებული (სადაც ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს), 25-30% კი სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლები. ანუ, ვამზადებთ კადრებს, რომელთა კვალიფიკაცია მაღალიც არის და მათი საშუალო ასაკი 40 წლამდეა. ანუ კადრებს ვზრდით ისეთს, რომ პროფესიაში ვერ შევლენ.

მეორეს მხრივ კი, ამ პროგრამებმა 5 წლის განმავლობაში მოამზადეს 16 ფიზიკის მასწავლებელი, 25 ქიმიის მასწავლებელი… შედარებით მეტი, მაგრამ სხვა დანარჩენთან მკვეთრად ნაკლები მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებელი. ანუ როდესაც ასაკის გამო გადიან პროფესიიდან კადრები, მათი ჩამნაცვლებლები ვერ მოვამზადეთ და არც არაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები წავახალისოთ.

მოვიზიდეთ კადრები, ისეთ მიმართულებებში, სადაც პრობლემები არ გვაქვს, შესაბამისად, ისინი ვერ დასაქმდებიან და ფული გადავიხადეთ ამაში. სამაგიეროდ, ვერ მოვამზადეთ კადრები, რომელიც გვჭირდებოდა სისტემის გაჯანსაღებისთვის”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს მთავრობამ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი შესაძლო ცვლილებები წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, მე-12 კლასი გაუქმდეს.

წყარო: www.bpn.ge