წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაფიცვის გამო, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა მუშაობა სრულად შეწყვიტა.
გაფიცვა, რომლის გამოც 283 ფრენა გაუქმდა, Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. მოთხოვნა, ხელფასების ზრდაა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
„დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო“, – განაცხადა ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა.
„სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ზეწოლას, გაფიცვის მიზანი ეკონომიკური ზიანის მიყენებაა”, – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა.
აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, მათი ფრენების შესახებ ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ. გაფიცვა Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
პროფკავშირის განცხადებით , ხვალიდან გაფიცვის ეფექტი აისახება შემდეგ აეროპორტებზე: მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის (მაინი), კიოლნი-ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგის და ლაიფციგ-ჰალის.
ხვალ, ორშაბათს, სავარაუდოდ, 3400 ფრენა გაუქმდება.
შეგახსენებთ, ორშაბათისთვის გაფიცვა დააანონსეს ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომლებმაც. გაფიცვა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წარუმატებლად დასრულდა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
პროფკავშირები 2.5 მილიონამდე დასაქმებულისთვის ანაზღაურების რვა პროცენტით ზრდას, უფრო მაღალ პრემიებსა და დამატებით სამი დასვენების დღის დაწესებას ითხოვს. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე ფედერალურ მთავრობაში აცხადებენ, პროფკავშირების მოთხოვნა ფინანსურად მიზანშეწონილი არ არის.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი მომდევნო კვირასაა ჩანიშნული.
გუშინ 8 მარტს გაიფიცა საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი. 7 მარტს კი ჯანდაცვის სექტორის 20 000-მდე თანამშრომელა თქვა მუშაობაზე უარი.