გერმანიაში წელს ექსტრემალურ სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ დაახლოებით 12 500-ს მიაღწია.
გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტმა 2 აგვისტომდე პერიოდში ქვეყანაში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მე-15-დან 31-ე კვირამდე პერიოდში გერმანიაში დაახლოებით 12 500 ადამიანი გარდაიცვალა ექსტრემალურ სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით.
ბოლო ათი წლის მონაცემების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი იყო სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2018 და 2019 წლებში. 2018 წელს ასეთი მიზეზით დაახლოებით 9 400 ადამიანი, ხოლო 2019 წელს 7 700 ადამიანი გარდაიცვალა.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხანდაზმულებზე, რომლებიც მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.
2026 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების დაახლოებით 6 270 შემთხვევა 85 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდიოდა.
გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 1 900 ადამიანი 65–74 წლის იყო, ხოლო 3 110 ადამიანი — 75–84 წლის.
RKI-ის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაფიქსირდა 2026 წლის 26-ე კვირაში. 22-დან 29 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით 9 600 ადამიანი შესაძლოა ექსტრემალური სიცხის შედეგად გარდაცვლილიყო.
RKI-ის მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 2026 წლის მე-15-დან 26-ე კვირამდე პერიოდში გერმანიაში ექსტრემალურ სიცხეს დაახლოებით 5 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი უკვე დაახლოებით 12 500-მდე გაიზარდა.