ჩინეთის საავტომობილო ექსპორტმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. 2026 წლის ივნისში ქვეყანამ უცხოურ ბაზრებზე 1.06 მილიონი ავტომობილი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71.2%-ით მეტია.

არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ჩინეთის ავტომობილების წლიურმა ექსპორტმა შესაძლოა 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბოს. შედარებისთვის, 2025 წელს ქვეყნიდან 7.1 მილიონი, ხოლო 2023 წელს 4.9 მილიონი ავტომობილი გავიდა.

ექსპორტის მკვეთრი ზრდა ნაწილობრივ ჩინეთის შიდა ბაზარზე მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდება. ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სუბსიდიების შეწყვეტისა და შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვების შემცირების ფონზე, ადგილობრივმა მწარმოებლებმა ყურადღება უფრო აქტიურად საერთაშორისო ბაზრებზე გადაიტანეს. ამ გაფართოებას ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ჩინურ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესებაც მოჰყვა.

ჩინური ავტომობილების კონკურენტულ უპირატესობებად შედარებით ხელმისაწვდომი ფასი, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა და ელექტროძრავებთან დაკავშირებული ტექნოლოგიები სახელდება. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ელექტრომობილების ექსპორტის ზრდას მსოფლიო ეკონომიკის დაბალი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებზე გადასვლასაც უკავშირებს.

ივნისში ჩინეთის მთლიანი ექსპორტი წლიურად 27%-ით, მაისთან შედარებით კი 19.4%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ავტომობილებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა ტექნიკამაც შეიტანა.

ცალკეულ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მაღალი შედეგები BYD-მა, Geely-მ და Chery-მ აჩვენეს. BYD-მა ივნისში უცხოეთის ბაზრებზე 175 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც წლიურად 95%-იანი ზრდაა. კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების 43% საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა.

Geely-ს ექსპორტმა პირველად გადააჭარბა თვეში 100 ათას ავტომობილს და 102 874 ერთეული შეადგინა. Chery-მ კი ივნისში ექსპორტზე 191 ათასზე მეტი ავტომობილი გაიტანა და ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც საკუთარ ყოველთვიურ საექსპორტო რეკორდს აუმჯობესებს.

მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ავტოინდუსტრია ადგილობრივ მწარმოებლად დარჩენას აღარ აპირებს და გლობალურ ბაზარზე პოზიციებს სწრაფად აფართოებს. თუმცა მისი შემდგომი ზრდა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაუმკლავდებიან კომპანიები დასავლეთის ბაზრებზე მზარდ სავაჭრო ბარიერებსა და ტარიფებს.

www.crystalauto.ge