თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა FBI-ის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ უწყებამ 2017 წლის მაისში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცალკე გამოძიება დაიწყო. მისი მიზანი იყო დაედგინა, მოქმედებდა თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი, შეგნებულად ან შეუგნებლად, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

გამოძიებას კოდური სახელწოდება „Oxferd Comma“ ჰქონდა და ის 2017 წლის 16 მაისს, FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებიდან ერთი კვირის შემდეგ გაიხსნა. დოკუმენტების მიხედვით, გამომძიებლები ასევე სწავლობდნენ, შეიძლებოდა თუ არა კომის გათავისუფლება მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობას უკავშირდებოდა.

საქმე FBI-ის უფრო ფართო, „Crossfire Hurricane“-ის სახელით ცნობილ გამოძიებას უკავშირდებოდა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებთან შესაძლო კავშირებს სწავლობდა. მოგვიანებით ეს საკითხები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ნაწილიც გახდა.

„Oxferd Comma“ 2019 წლის აპრილში დაიხურა და ტრამპისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მიულერის გამოძიებამაც ვერ დაადგინა, რომ ტრამპის კამპანიამ რუსეთთან დანაშაულებრივი შეთქმულება ან კოორდინაცია განახორციელა. ამასთან, მიულერის ანგარიშში აღწერილი იყო ტრამპის კამპანიის წარმომადგენლების კონტაქტები რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან.

დოკუმენტების გასაჯაროება ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივის ნაწილია, რომელიც წინა წლებში მის წინააღმდეგ ჩატარებული გამოძიებების გარემოებების ხელახლა შესწავლას ითვალისწინებს.

წყაროები:


https://www.whitehouse.gov/releases/2026/08/fbi-secretly-opened-probe-alleging-trump-fired-comey-because-he-was-a-russian-asset-declassified-memos-show/


https://www.cbsnews.com/news/trump-comey-russia-fbi-probe-white-house-declassify-oxferd-comma/


https://www.axios.com/2026/08/05/trump-russian-asset-comey-fbi-investigation


https://www.reuters.com/world/us/us-special-counsel-faults-fbis-handling-2016-trump-russia-probe-2023-05-15/