ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი, 45.5%, განახლებად ენერგიაზე მოდის. ასეთია Eurostat-ის მონაცემები 2026 წლის პირველი სამი თვის მიხედვით.

წლის დასაწყისში განახლებადი ელექტროენერგიის მთავარი წყარო ქარი იყო — მასზე „მწვანე“ ენერგიის თითქმის 45% მოდიოდა. ეს ნაწილობრივ სეზონურ ფაქტორს უკავშირდება: ზამთარში ევროპის ბევრ ქვეყანაში ქარი უფრო ძლიერია, ხოლო მზიანი საათების რაოდენობა ნაკლები.

მეორე ადგილზე ჰიდროენერგიაა, რომლის წილიც 28%-ს შეადგენს, ხოლო მზის ენერგიაზე განახლებადი ელექტროენერგიის 17% მოდის. დარჩენილი ნაწილი ბიოსაწვავის, გეოთერმული ენერგიისა და სხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენებით იწარმოება.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერია დანია, სადაც ელექტროენერგიის 90% განახლებადი წყაროებიდან მიიღება და მთავარი როლი ქარის ელექტროსადგურებს ეკუთვნის.

მეორე ადგილზეა პორტუგალია — აქ „მწვანე“ ენერგიის წილი 83%-ს აღწევს და მნიშვნელოვანი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.

სამეულს ლიტვა ასრულებს, სადაც ელექტროენერგიის 76% განახლებადი წყაროებიდან იწარმოება, ძირითადად ქარის ენერგიის გამოყენებით.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩეხეთში, სლოვაკეთსა და მალტაზე ფიქსირდება — ამ ქვეყნებში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილი მაქსიმუმ 18%-ია.

ჯერ კიდევ 2025 წელს ევროკავშირში ქარისა და მზის ენერგიამ ერთად პირველად გამოიმუშავა უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე ქვანახშირზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა ელექტროსადგურმა.

ევროკავშირის მიზანია, 2050 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური გახდეს. ეს გულისხმობს სათბურის გაზების ემისიების ისეთ დონემდე შემცირებას, რომ დარჩენილი გამონაბოლქვი ბუნებრივი პროცესებით, მათ შორის ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების მიერ, სრულად შეიწოვებოდეს და ატმოსფეროში აღარ გროვდებოდეს.

https://euro-pulse.ru/news/iz-vozobnovlyaemyh-istochnikov-poluchayut-uzhe-pochti-polovinu-elektroenergii-v-es/