ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, IRGC-ის მთავარსარდლის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ „ისლამს მსოფლიოს მართვა შეუძლია“.

ვაჰიდიმ ეს განცხადება 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ მიმართვაში გააკეთა, რომელშიც ირანის შეიარაღებული ძალების მოქმედებები შეაჯამა და IRGC-ის, რეგულარული არმიის, პოლიციისა და ბასიჯის დანაყოფები ექვსთვიანი ბრძოლის გამო შეაქო. ირანის სახელმწიფო მედიის, მათ შორის Press TV-სა და Mehr News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაჰიდიმ განაცხადა, რომ ირანულმა ძალებმა „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მძიმედ შეიარაღებული არმია მუხლებზე დააჩოქეს“.

Iran International-ის ცნობით, ვაჰიდიმ ირანის სამხედრო ოპერაციები ადრეული ისლამის პერიოდის ბადრისა და ხაიბარის ბრძოლებს შეადარა. მისი თქმით, ირანის მოქმედებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დომინანტი ძალების დამარცხების იმედი გააჩინა და აჩვენა, რომ „ისლამს მსოფლიოს მართვა შეუძლია“. მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო თანდათან უფრო მზად ხდება იმისთვის, რასაც თავად საბოლოო ისლამური მმართველობის დამყარებად აღწერს.

ვაჰიდის განცხადება ემთხვევა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოლო პერიოდის მკაცრ რიტორიკას. 10 აგვისტოს ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ვაჰიდი ოფიციალურად დაამტკიცა IRGC-ის მთავარსარდლად და გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. დანიშვნისას მას დაევალა IRGC-ის შესაძლებლობების გაძლიერება „მაქსიმალური შეკავებისთვის“ და მტრის წინააღმდეგ „ძლიერი შეტევითი ოპერაციების“ ჩასატარებლად მზადყოფნის შენარჩუნება.

Associated Press-ის შეფასებით, ვაჰიდი ამჟამად ირანის სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და მნიშვნელოვანი როლი აქვს აშშ-სთან ომის დასრულების შესაძლო პირობების ჩამოყალიბებაშიც. IRGC-ის განკარგულებაშია ირანის ბალისტიკური სარაკეტო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები, რომლებიც სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე დაპირისპირების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

აშშ-სა და ირანს შორის ხუთ თვეზე მეტხანს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა მკვეთრად არის შემცირებული. Reuters-ის ინფორმაციით, სრუტის ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების საერთაშორისო მიწოდებაზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

წყაროები:

Press TV — IRGC chief: Iran brought world’s most heavily armed military to its knees

Iran International — Iran war was a step toward global Islamic rule, IRGC chief says

Associated Press — This hard-line Iranian general is a major player in talks with US over war

Le Monde — Iran's new supreme leader prepares military for prolonged confrontation with US and Israel

Reuters — Hormuz traffic slows further after US threatens more economic pressure on Iran

Reuters — Iran says no progress on reviving interim peace deal with US