ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 სავაჭრო პარტნიორის მიმართ ახალი ტარიფები აამოქმედა. დამატებითი გადასახადები 10%-დან 12.5%-მდე მერყეობს და ამერიკის იმპორტის თითქმის სრულ მოცულობას შეეხება. გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ გლობალური სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი ნაბიჯია.
BBC-ის ინფორმაციით, ახალი ტარიფები ეხება მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ბაზრებს, მათ შორის ჩინეთს, ევროკავშირს, იაპონიას, კანადას, ინდოეთსა და გაერთიანებულ სამეფოს. მიზეზად იმპორტში იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის წინააღმდეგ არასაკმარისი კონტროლი სახელდება.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმსონ გრირმა განმარტა, რომ ქვეყნები, რომლებიც იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის აკრძალვას დანერგავენ და ეფექტურად აღასრულებენ, 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან, სხვა პარტნიორებისთვის კი გადასახადი 12.5% იქნება.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ მსგავსი ზომები ხელს შეუწყობს სამართლიანი სავაჭრო პირობების შექმნას და დასაქმებულთა უფლებების დაცვას. თუმცა, გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც ახალ ტარიფებს გაუმართლებლად მიიჩნევენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი სავაჭრო ბარიერები შესაძლოა კომპანიების ხარჯებზე აისახოს, გაართულოს მიწოდების ჯაჭვები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს.
ახალი ტარიფები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზნადაც ვაშინგტონი ამერიკული წარმოებისა და სავაჭრო ინტერესების დაცვას ასახელებს.