ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც ქვეყნებში რამდენიმე სხვადასხვა დარგს ამუშავებს. სტუმარმასპინძლობის სექტორი, კვების ინდუსტრია, სატრანსპორტო ქსელი, კულტურა და სხვა მიმართულებები, ხშირად, სწორედ ტურიზმზე მიბმულ ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ქვეყანაში ტურიზმის განვითარება კომპლექსურად ავითარებს ეკონომიკის მრავალ მიმართულებას.

არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროც ტურიზმია. ასეთები, ძირითადად, პატარა ქვეყნები ან კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან. ტურიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს დიდ ქვეყნებშიც, თუმცა აქ ის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, და არა წამყვანი დარგი.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნადაა მიბმული და სადაც ყოველწლიურად ადგილობრივებზე მეტი ტურისტი ჩადის. მონაცემები აღებულია გაეროს ტურიზმის სააგენტოს ანგარიშებზე დაფუძნებული კვლევიდან, მოსახლეობის შესახებ ცნობები კი – მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან. რეიტინგი შედგენილია ერთ სულ მოსახლეზე ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით 2024 წელს.

აღნიშნულ რეიტინგში პირველი პოზიცია ანდორას უკავია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 51 ტურისტი აღირიცხება. ანდორას 2024 წელს 4.2 მილიონი ტურისტი ესტუმრა, მისი მოსახლეობა კი სულ რაღაც 82,000 კაცს შეადგენს. ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მოქცეული ანდორა ტურისტების უმეტესობას სწორედ მეზობელი ქვეყნებიდან იღებს. ბოლო წლების განმავლობაში კი ქვეყანაში გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დანაც ხშირად სტუმრობენ.

საინტერესოა, რომ ანდორას არა აქვს საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა რეიტინგში მაინც პირველ პოზიციას იკავებს. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის 4/5-ს შეადგენს. ტურისტების ინტერესს ძირითადად სამთო-სათხილამურო კურორტები იწვევს. გარდა ამისა, ანდორა Duty-Free-სტატუსითაც სარგებლობს.

რეიტინგში მეორე ადგილზე მონაკო იმყოფება, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მაღალშემოსავლიან ტურისტს იზიდავს. მდიდრული ცხოვრების სტილით დაინტერესებული ტურისტებისთვის მონაკო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა. ღამის ცხოვრება, გასართობი სათამაშო ინდუსტრია და სპორტული ღონისძიებები მონაკოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. აქ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 9 ტურისტი მოდის.

როგორც აღვნიშნეთ, ტურიზმზე მეტწილად კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან დამოკიდებულნი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ რეიტინგში წყლით გარშემორტყმული არაერთი სახელმწიფო გვხვდება. მაგალითად, მესამე პოზიციაზე მალტა იმყოფება, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 6.3 ტურისტს იღებს, მეოთხე პოზიციაზე მყოფი ისლანდია კი – 5.6-ს.

აღნიშნული მიმართულებით ხმელთაშუა და კარიბის ზღვების, ასევე ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების აკვატორიაში მდებარე კუნძულები გამოირჩევიან. კარიბის ზღვაში მდებარე ბაჰამის კუნძულები ერთ სულ მოსახლეზე 4.7 ტურისტით რეიტინგის მე-7 პოზიციას იკავებს. ინდოეთის ოკეანეში მდებარე მალდივები და სეიშელები კი ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 3.2 და 2.8 ტურისტს იღებენ.

თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ რეიტინგში მხოლოდ ჯუჯასახელმწიფოები და კუნძულოვანი ქვეყნები ხვდებიან. მაგალითად, პორტუგალია, საბერძნეთი, ავსტრია და ხორვატია, რომელთა მოსახლეობებიც რამდენიმე მილიონს შეადგენს, ასევე რამდენიმე მილიონ ტურისტს იღებენ.

ვრცლად forbes.ge - ზე