ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პირველად ჩატარდა ელექტრო ვერტიკალური აფრენისა და დაშვების საფრენი აპარატის (eVTOL) ბაზაზე შექმნილი სამგზავრო აეროტაქსის სადემონსტრაციო ფრენა. ამის შესახებ Kazinform იუწყება.

სატესტო ფრენა იპოდრომ „ყაზანათის“ ტერიტორიაზე „მომავლის თამაშების“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. დემონსტრაციისთვის გამოიყენეს ელექტრო საფრენი აპარატი AutoFlight Prosperity, რომელიც ერთ პილოტსა და ხუთ მგზავრზეა გათვლილი. მას საათში 200 კმ-მდე სიჩქარის განვითარება და ერთი დამუხტვით 200 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ყაზახური კომპანია Alatau Advance Air Group Ltd. (AAAG) და ჩინური AutoFlight.

AAAG-ის ხელმძღვანელმა სერგეი ხეგაიმ განაცხადა, რომ პროექტმა ბოლო წელიწად-ნახევარში მსოფლიო გამოცდილების შესწავლიდან ინფრასტრუქტურის შექმნასა და სადემონსტრაციო ფრენების ჩატარებამდე გაიარა გზა. მისი თქმით, ურბანული საჰაერო მობილობის განვითარებისთვის საჭიროა ციფრული ინფრასტრუქტურის, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის, ვერტიპორტების, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სპეციალისტების მომზადების სისტემის შექმნა.

მისივე განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი მომავალი თაობებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის შექმნაა.

ყაზახეთში აეროტაქსის, eVTOL-ისა და უპილოტო ავიაციის განვითარების მარეგულირებელი კანონი ივნისში ამოქმედდა. ქვეყანაში აეროტაქსის პირველი გამოცდა 19 მაისს, ქალაქ ალატაუში, ქვეყნის პირველ ვერტიპორტში ჩატარდა.