ჩიპების ამერიკული მწარმოებელი AMD-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-თან ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების AI-სერვერების მიწოდებაზე შეთანხმებას აფორმებს. დამატებით, AMD-ი კომპანიაში $5 მილიარდამდე ინვესტიციასაც განახორციელებს.

კომპანიების განცხადებით, Anthropic-ი 2027 წლის პირველი ნახევრიდან AMD-ის ახალი თაობის Instinct MI450-ის ტიპის ჩიპებზე დაფუძნებული, საერთო ჯამში 2 გიგავატი სიმძლავრის AI-სისტემების შესყიდვის პროცესს დაიწყებს. რაც შეეხება AMD-ის მიერ დაანონსებულ ინვესტიციას, ის ეტაპობრივად განხორციელდება და Anthropic-ის მიერ AI-ინფრასტრუქტურის დანერგვის სისწრაფესა და ეფექტიანობაზე იქნება დამოკიდებული.

Advanced Micro Devices-ის ხელმძღვანელების შეფასებით, 1 გიგავატი გამოთვლითი სიმძლავრის შექმნა, რაც 750,000-მდე ამერიკული სახლის ენერგომოხმარების ეკვივალენტურია, შესაძლოა ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დაჯდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, Anthropic-თან გაფორმებული შეთანხმება AMD-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია — ეს, ერთი მხრივ, კომპანიას Nvidia-ის მთავარი კონკურენტის სტატუსს უმყარებს და, ამავდროულად, AI-ბაზარზე წილის ეტაპობრივ ზრდასაც შეუწყობს ხელს.

AMD-სა და Anthropic-ს შორის მიღწეული შეთანხმება არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩიპების მწარმოებლები ინვესტიციას თავისივე უმსხვილეს AI-კლიენტებში ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთია Nvidia, რომელიც OpenAI-ში დაახლოებით $30 მილიარდის ინვესტირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

თავის მხრივ, AMD-ის ჩიპების შეძენა Anthropic-ს დამატებითი გამოთვლითი რესურსებით უზრუნველყოფს. კომპანიის AI-ასისტენტ Claude-ისა და პროგრამისტებისთვის განკუთვნილი Claude Code-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად კი, გამოთვლითი სიმძლავრის დეფიციტი სტარტაპისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევადაა ქცეული.

forbes.ge