აშშ და უკრაინა მოსკოვისთვის წარსადგენი ახალი სამშვიდობო ინიციატივის დეტალებს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Kyiv Independent ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საბრძოლო მოქმედებების ზონაში საჰაერო ზავის გამოცხადების შესაძლებლობა. Kyiv Independent-ის ცნობით, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე გახშირებული დარტყმების ფონზე, კრემლი შესაძლოა საჰაერო შეტევების ნაწილობრივ შეწყვეტას დათანხმდეს.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. გამოცემა წერს, რომ მხარეები შემდგომ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, ხოლო ამერიკელი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში განიხილება.
Kyiv Independent-ის შეფასებით, შესაძლო კომპრომისის მიღწევის შანსს ფრონტზე არსებული ვითარება ზრდის: უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმებს აძლიერებს, ხოლო რუსეთი უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების დეფიციტი აქვს, რაც, ავტორის შეფასებით, საჰაერო ზავის იდეას ორივე მხარისთვის უფრო მისაღებს ხდის.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის კვლავ ღია რჩება. ამასთან, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები აქამდე უშედეგოდ დასრულდა.