საქართველოში თხილის აღების სეზონი ახლოვდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ განუცხადა, მოსავლის აღების პროცესი დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება, კახეთში კი - აგვისტოს ბოლოს.

„ველოდებით, რომ წელს ქვეყანა 45-დან 47 ათას ტონამდე თხილს მიიღებს, რაც წინა წლის მოსავალთან შედარებით, მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ჯერჯერობით, თხილის ხარისხიც საკმაოდ კარგია. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა რაოდენობისა და ხარისხის თხილს მივიღებთ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი ამინდები დაემთხვევა მოსავლის აღების პროცესს“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.

მან ფასების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თხილის საექსპორტო ფასი არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც გასულ წელს იყო.

„თხილის საექსპორტო ფასს, როგორც წესი, ადგენს თურქეთი, რომელიც აღნიშნული პროდუქტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია მთელს მსოფლიოში. წელს, თურქეთში იმაზე მაღალ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე აქამდე იყო პროგნოზირებული. თურქული თხილის მაღალი რაოდენობის გამო კი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სხვა ქვეყნებში წარმოებულ თხილზე მაღალი საექსპორტო ფასი დაფიქსირდეს. თუმცა, უფრო ზუსტად, 5 აგვისტოს გამოცხადდება ოფიციალურად, თუ რა იქნება წელს თხილის საექსპორტო ფასი“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.

ცნობისთვის, საქართველოდან თხილის ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა თხილი, რომლის საერთო ღირებულებამ 73.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 50%-ით (24.4 მლნ აშშ დოლარით), ხოლო რაოდენობა 7%-ით (452 ტონით) გაიზარდა.

ამავე საანგარიშო პერიოდში, ანუ 2026 წლის იანვარ-ივნისში, 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.6 $-ს მიაღწია.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"