ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Lenovo-ს კვარტალური შემოსავალი 43%-ით, $26.94 მილიარდამდე გაიზარდა, რითაც ანალიტიკოსების თავდაპირველ პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. შემოსავლების ზრდა ძირითადად AI-ინფრასტრუქტურაზე მაღალი მოთხოვნის, მეხსიერების ჩიპებზე გლობალური დეფიციტისა და პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების დამსახურებაა.
ძლიერი კვარტალური ფინანსური ანგარიშის გავლენით, სამშაბათს, სავაჭრო სესიისას, დაახლოებით 22%-ით გაიზარდა Lenovo-ს აქციების ღირებულებაც. შედეგად, წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 225%-ითაა გაზრდილი.
პირველ კვარტალში Lenovo-სთვის AI-სთან დაკავშირებული მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-ითაა გაზრდილი და $9.3 მილიარდს აღწევს. Lenovo-ს ინფორმაციითვე, AI-სერვერებზე შეკვეთების პორტფელმა $54 მილიარდს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 157%-ით მეტია. მოთხოვნის ძირითადი ნაწილი ჰიპერმასშტაბიანი ტექნოლოგიური კომპანიების, AI-ქლაუდის პროვაიდერებისა და კორპორაციული კლიენტებისგან მოდის.
Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორის, იანგ იუანცინგის, განცხადებით, ჩიპების გლობალურ ბაზარზე შესაძლო დეფიციტისა და ფასების ზრდისთვის მათი კომპანია წინასწარ მოემზადა და მიწოდების პრობლემებთან გამკლავებაც შეძლო. იუანცინგის პროგნოზით, Lenovo მიმდინარე ფისკალურ წელს $100 მილიარდის შემოსავალს მიიღებს.
მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, Lenovo-მ კვარტალი $609 მილიონიანი წმინდა ზარალით დაასრულა. გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიამ $505 მილიონიანი მოგება მიიღო, ხოლო ანალიტიკოსები წელს $589-მილიონიან მოგებას პროგნოზირებდნენ. კომპანიის განმარტებით, ზარალი 2025 წელს გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულების გაუფასურების შედეგი იყო, რამაც $1.7 მილიარდის არაფულადი ხარჯი წარმოქმნა.