ეს იქნება ბარიერი ბიზნესისთვის - ასე აფასებს Travel To Georgia-ს დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი ევროპაში დაგეგმილ ახალ რეგულაციებს.
საქმე ისაა, რომ ETIAS ავტომატიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიქმნა, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ამოქმედდება. მისი მიზანია იმ მოგზაურთა იდენტიფიცირება, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ წესრიგს ან ჯანმრთელობას. მოგზაურობამდე მოქალაქემ უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადი სპეციალურ ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში.
როგორც ლაშა ბერეკაშვილი BMG-სთან აცხადებს, ახალი მოთხოვნები ქართულ ტურისტულ სექტორში გარკვეულ შეშფოთებასა და კითხვებს აჩენს, ამიტომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია.
ბერეკაშვილის თქმით, დღეს საქართველო მოგზაურობის სიმარტივის თვალსაზრისით ისტორიულ პიკშია, თუმცა ახალი ბარიერები შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს - ტურისტული სააგენტოებისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მთავარი კითხვები კი, აპლიკაციის მოქმედების ვადასა და პროცედურებს ეხება.
“ჯერ არ ვიცით, ეს აპლიკაცია ერთჯერადი იქნება, ყოველ ჯერზე უნდა შეივსოს, თუ იქნება ერთწლიანი ან ორწლიანი. არ ვიცით, დასჭირდებათ თუ არა ადამიანებს ტურისტულების დახმარება ამ აპლიკაციის შევსებაში, თუმცა, ჩვენ ამისთვის აუცილებლად მოვემზადებით. მოგზაურობა, ისეთი მარტივი როგორიც დღეს გვაქვს, საქართველოში 30 წლის მანძილზე არ ყოფილა. თუ ჩვენ ხვალ მივდივართ რომის მიმართულებით, ადამიანს დღესვე შეუძლია ჩაეწეროს ტურში და შემოგვიერთდეს. ჩვენ ფაქტობრივად თანაზომი ვართ ევროპელი მოქალაქეების, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის, რეგისტრაციის ან აპლიკაციის გარეშე გადაადგილდებიან”, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ დამატებითი ბარიერები და სააპლიკაციო პროცესები აქტივობასაც შეანელებს, დაბალი აქტივობის პირობებში კი, ტურისტული პაკეტები გარდაუვალად გაძვირდება.
„თუ აქტივობა შენელდა, ფასი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. თუ ჯგუფში 30 ადამიანის ფასი არის, სიტყვაზე, 500 ლარი, და 30-ის ნაცვლად 8-9 ადამიანი წამოვა, ფასი გაცილებით მაღალი იქნება” - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა - ETIAS გამგზავრებამდე უვიზო ტურისტების შემოწმებას ითვალისწინებს. მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ამ დროისთვის, ამოქმედება 2026 წლის მეოთხე კვარტლიდანაა დაგეგმილი. გამგზავრებამდე მოგზაურმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადი ოფიციალურ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში. მიუთითოს პასპორტის მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია და უპასუხოს უსაფრთხოების რამდენიმე კითხვას. განაცხადის ღირებულება 20 ევროა, ავტორიზაცია კი, ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში.
ETIAS-ის ამოქმედების პარალელურად, ამოქმედდება EES - შესვლისა და გასვლის სისტემაც, რაც საზღვარზე ბიომეტრიულ კონტროლს გულისხმობს. ახალი, ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა, შენგენის ზონის საზღვრების უფრო ეფექტური კონტროლის მიზნით შეიქმნა. საზღვრის კვეთისას, მგზავრებს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) მოუწევთ შემდეგი მონაცემების ჩაბარება: სახის ციფრული გამოსახულება (ფოტო); თითის ანაბეჭდები (ოთხი თითი). პასპორტში ფიზიკური ბეჭდის ჩარტყმა (რომელსაც მესაზღვრე ხელით აკეთებდა) წარსულს ჩაბარდება. მის ნაცვლად, სისტემა ელექტრონულად დაარეგისტრირებს თითოეული მგზავრის შესვლისა და გასვლის მონაცემებს. EES-ის მიზანია ევროკავშირს დაეხმაროს იდენტობის გაყალბების აღკვეთაში; ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; არალეგალური მიგრაციის შემცირებაში.