წამყვანმა ამერიკელმა კარდიოლოგებმა ქოლესტერინის მართვის ახალი სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევა გულის პრობლემებისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად.
ახალი სახელმძღვანელო შედგენილია ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯისა და ამერიკის გულის ასოციაციის სამედიცინო ექსპერტთა მიერ. ამით ჩანაცვლდა წინა სახელმძღვანელო, რომელიც ამავე ორგანიზაციების მიერ 2018 წელს იყო გამოცემული.
განახლებული ინფორმაცია მოიცავს რეკომენდაციებს ადრეულ ასაკში მაღალი ქოლესტერინის დაფიქსირების შესახებ, ისეთ დეტალებს ცხოვრების წესის შეცვლის შესახებ, რომლებსაც ქოლსტერინის დონის შემცირება შეუძლია, და მომავალში გულის შეტევისა და ინსულტის რისკის გამოთვლის გაუმჯობესებულ მეთოდებს.
„პარადიგმის ცვლილებამ პროაქტიური პრევენციისკენ სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე, შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტრაექტორია და განაპირობოს ჯანმრთელობის უკეთესი შედეგები ათწლეულების შემდეგ“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის კარდიოლოგი სეთ მარტინი.
ქოლესტერინი ცხიმოვანი, ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელსაც სხეული უჯრედის მემბრანებისა და ჰორმონების გამოსამუშავებლად იყენებს. არსებობს ორი ტიპის ქოლესტერინი — „ცუდი“ ქოლესტერინი, რომელიც არის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ლიპიდისა და ცილის კომპლექსი, LDL) და „კარგი“ ქოლესტერინი — მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL).
ზედმეტად ბევრი ცუდი ქოლესტერინი იწვევს გულიდან გამომავალი არტერიების ბლოკირებას, ამავე დროს, ასევე პრობლემაა ზედმეტად ცოტა კარგი ქოლესტერინიც — შთანთქავს ჭარბ ცუდ ქოლესტერინს და ის ღვიძლში გადააქვს, სადაც შემდეგ იშლება.
ახალი სახელმძღვანელო მოიცავს რჩევებს ადრეული სკრინინგის შესახებ მათთვის, ვისაც გულის დაავადებებისა და მაღალი ქოლესტერინის ოჯახური ისტორია აქვთ. სახელმძღვანელო გვირჩევს, რომ რისკების შეფასება მოხდეს უფრო პერსონალიზებულად ინდივიდუალურ პაციენტთან და გარკვეულ შემთხვევებში, მკურნალობა უფრო ადრე დაიწყოს.
განახლებული სახელმძღვანელო კლინიცისტებს ურჩევს, გადავიდნენ PREVENT (Predicting Risk of Cardiovascular Disease Events) ქულებზე პაციენტის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შესაფასებლად. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, PREVENT ასევე რეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანთა შესაფასებლადაც.
ამას გარდა, სახელმძღვანელოებში განახლებულია ქოლესტერინის ზღვრები, რომლებსაც ექიმები და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტები პაციენტების შეფასებისას იყენებენ.
რაც შეეხება მაღალი ქოლესტერინის შემცირების ფუნდამენტურ რჩევებს, ისინი იგივე რჩება: იკვებეთ ჯანსაღად, რეგულარულად ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ და არ მოსწიოთ თამბაქო.
ეს ზომები ხელს შეუწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის და სხვა ცხიმების (ლიპიდების) დონის კონტროლს. ზოგიერთი ადამიანისთვის ასევე საჭიროა ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები.
„ცუდი ქოლესტერინის დაბალი დონე უკეთესია, როცა საქმე ეხება გულის შეტევების, ინსულტებისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკს. ასევე ვიცით, რომ მომატებული ლიპიდებისა და სისხლის წნევის დაკლება ახალგაზრდებში ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ოპტიმალურ ჯანმრთელობას ადამიანის სიცოცხლეში“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის კარდიოლოგი როჯერ ბლამენთალი.
აშშ-ში ყოველი 4 ზრდასრულიდან ერთს ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადების (ASCVD) რისკს — სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მთელ მსოფლიოში.
კარგი ამბავი ისაა, რომ გულ-სისხლძარღთვთა დაავადებების დაახლოებით 80 პროცენტის პრევენცია შესაძლებელია. ჯანმრთელობის ტვირთი არ უნდა იყოს ისეთი მაღალი, როგორიც არის — და ეს ახალი სახელმძღვანელო ამაში უნდა დაგვეხმაროს.
ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, ექსპერტებმა ასევე გამოაქვეყნეს The ABCs of Cardiovascular Disease Prevention — პუბლიკაცია, რომელშიც მიმოიხილავენ ბოლო მტკიცებულებებს იმ ფაქტორთა შესახებ, რომლებსაც წვლილი შეაქვს დაავადებათა რისკში — მათ შორის, დიაბეტი, ალკოჰოლი და სხეულში ცხიმის დონე.
დასკვნის სახით, ისინი შენიშნავენ, რომ მუდამ საჭიროა რეკომენდაციების გადახალისება, რადგან უკეთესად ვსწავლობთ გულის ჯანმრთელობის იმ რისკებს, რასაც ელექტრონული სიგარეტი და კანაფი ფლობს. გულის ჯანმრთელობის რისკების გაგებაზე ასევე გავლენას იქონიებს სიმსუქნის კლინიკური განსაზღვრების დახვეწა.
რაც შეეხება სამკურნალო საშუალებებს, ამ მიმართულებით პროგრესი გრძელდება, შექმნილია პრეპარატობის კანდიდატები, რომლებიც კლინიკურ ცდებში იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს.
ახალი სახელმძღვანელოს ავტორებს იმედი აქვთ, რომ განახლებული რეკომენდაციები უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან ექიმებს აძლევს ხელსაწყოებს და მტკიცებულებებს, რომლებიც მათ გულის პრობლემების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტთა უფრო ადრე ამოცნობის საშუალებას აძლევს.
კვლევა Journal of the American College of Cardiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია newsroom.heart.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.