ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, SpaceX-მა თავისი IPO-სთვის სამიზნე შეფასება 2 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, კომპანია ამ შეფასებას პოტენციურ ინვესტორებს პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის მომზადების ფარგლებში აჟღერებს. წინასწარი პრეზენტაციები ინვესტორებისთვის (testing-the-waters) დაგეგმილია უახლოეს კვირებში და სავარაუდოდ, ასეთი შეფასებისთვის დამატებით დასაბუთებას შეიცავს.
1 აპრილს, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) კონფიდენციალურად შეიტანა განაცხადი IPO-ს გამართვის შესახებ. იმ დროს, კომპანიის ღირებულება, სავარაუდოდ, 1.75 ტრილიონი დოლარი იქნებოდა. SpaceX-მა IPO-ს სამართავად წამყვანი ბანკები შეარჩია: Bank of America, Citigroup, Goldman Sachs, JPMorgan Chase და Morgan Stanley, ასევე სინდიკატს სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც დაამატა.