კონფლიქტის გამო, ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორები შესაძლოა, 6-დან 27%-მდე შემცირდეს - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენების ტურიზმის სექტორზე გავლენას აფასებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ზომიერ დამოკიდებულებას აჩვენებს. კონკრეტულად, საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ამ რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. რისი მიზეზიც არის ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტები.

კონფლიქტის გავლენა მის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული: ხანმოკლე შეფერხება დროებით შემცირებას და სწრაფ აღდგენას გამოიწვევს, ხოლო გახანგრძლივებულმა სცენარმა შეიძლება გამოიწვიოს ჩამოსვლების (14%-მდე) და ტურიზმის შემოსავლების მდგრადი შემცირება, დატვირთვისა და ფასების შემცირებასთან ერთად.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მნიშვნელოვან ნეგატიურ რისკებს წარმოშობს. არსებული შეფასებებით, 2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადების 6-27%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ვიზიტორთა დანახარჯების არსებით შემცირებასაც გამოიწვევს“, - წერს „თიბისი კაპიტალი“.

მიმოხილვის მიხედვით, ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3 589 ლარი ხარჯავენ, საუდის არაბეთიდან უფრო მეტი 3 941 ლარი იხარჯება; ხოლო გაერთიანებული არაბთა საამიროების შემთხვევაში ეს 3 239 ლარია.