ავიაკომპანია Air France-მა (AF) პარიზის ორლის აეროპორტში (ORY) ოპერირება ოფიციალურად დაასრულა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება 2023 წელს დაანონსდა და მიზნად ისახავს ავიაკომპანიის მთელი რესურსის შარლ დე გოლის აეროპორტში (CDG) კონცენტრირებას. 2026 წლის 28 მარტს განხორციელებული ბოლო რეისით დასრულდა 80-წლიანი ეპოქა, რომლის განმავლობაშიც ორლი Air France-ის შიდა და საერთაშორისო ფრენების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.
სტრატეგიული ცვლილების მიზეზად ავიაკომპანია პანდემიის შემდგომ შეცვლილ რეალობას ასახელებს. შიდა ფრენებზე მოთხოვნის კლებამ, ვიდეოკონფერენციების პოპულარობამ და სარკინიგზო ტრანსპორტის მხრიდან გაზრდილმა კონკურენციამ დღის წესრიგში ოპერაციების ოპტიმიზაცია დააყენა. ამიერიდან Air France-ის ძირითადი რეისები ნიცის, ტულუზისა და მარსელის მიმართულებით, ისევე როგორც ფრენები საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, მხოლოდ შარლ დე გოლის აეროპორტიდან შესრულდება.
მიუხედავად ცვლილებისა, Air France-KLM ჯგუფი ორლის აეროპორტს სრულად არ ტოვებს. 29 მარტიდან აეროპორტში მთავარი ოპერატორი ჯგუფის დაბალბიუჯეტიანი შვილობილი კომპანია, Transavia France (TO) ხდება. ის გადაიბარებს ძირითად შიდა მარშრუტებს, რაც ჯგუფს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს წარმომადგენლობა ორლიში, თუმცა უფრო ეფექტური, „წერტილიდან წერტილამდე“ (point-to-point) ბიზნესმოდელით.
ოპერაციების ერთ ჰაბში გაერთიანება Air France-ს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესოს კავშირები შიდა და შორეულ მაგისტრალურ რეისებს შორის. ეს ნაბიჯი ამცირებს ქსელის ფრაგმენტაციას პარიზის ორ მთავარ აეროპორტს შორის და აძლიერებს შარლ დე გოლის, როგორც გლობალური სატრანზიტო ცენტრის პოზიციას.