საქართველოში ველნეს ტურისტების რიცხვი შემცირდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა და "ბიოლის" ველნეს დირექტორმა მიხეილ ქოჩიაშვილმა განუცხადა, ბოლო წლებში, ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, ახლა კი ეს სეგმენტი, ფაქტობრივად, გამქრალია.
„აღნიშნული სახელმწიფოებიდან სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სერვისების მისაღებად, ძირითადად, მაღალმხარჯველუნარიანი დამსვენებლები გვსტუმრობდნენ, ამიტომ ეს ომი საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენი ინდუსტრიისთვის“, - განმარტა მიხეილ ქოჩიაშვილმა.
მისივე თქმით, „ბიოლში“ უცხოელი ვიზიტორების, დაახლოებით, 20-30%-ს სწორედ ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მომხმარებლები შეადგენდნენ.
რაც შეეხება 2026 წლის გასული 3 თვის მიმოხილვას, როგორც "ბიოლის" ველნეს დირექტორმა აღნიშნა, 28 თებერვლამდე, ანუ იქამდე, სანამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა, საკმაოდ ნორმალური მიმართვიანობა ჰქონდათ უცხოელების მხრიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო, გარკვეული სეგმენტი გამოგვაკლდა, მომატებულია ნაკადები ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, გაზრდილია ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვი. ყველაზე მოთხოვნადი ველნეს სერვისი კი - ისევ დეტოქს პროგრამაა, ასევე აღდგენითი და გაჯანსაღება - რეაბილიტაციის პროცედურები, რომლიდანაც მომხმარებლები სწრაფ შედეგს იღებენ“, - განმარტა მიხეილ ქოჩიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ბიოლი“ მომხმარებლისთვის შესათავაზებელი პროგრამების სიას ყოველწლიურად აახლებს და ახალ სერვისებს ამატებს. მათ შორის, წელს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პროგრამები მუშავდება.
ცნობისთვის, ველნეს ტურიზმის მიმართულებით მთელ მსოფლიოში აშშ ლიდერობს, როგორც ბაზრის ზომით, ისე ხარჯვითი ნაწილითაც – ყველაზე მეტი თანხა სწორედ აქ იხარჯება ველნეს სერვისებზე. ევროპაში ამ კუთხით ლიდერი - გერმანიაა, ძალიან ძლიერი სპა კულტურით, აზიაში კი - ველნეს ტურიზმის სათავეში ჩინეთი დგას როგორც მოგზაურების რაოდენობით, ასევე გამოცდილებით. გასულ 2025 წელს ველნეს ტურიზმიდან მიღებულმა გლობალურმა შემოსავლებმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ექსპერტები ელიან, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება.