ტურისტული სექტორი მიმდინარე წელს უფრო ოპტიმისტურად აფასებს ვითარებას. როგორც სამეგრელოში მდებარე ეთნოგრაფიული სოფლის „სისატურას“ დამფუძნებელი, მარიკა თოდუა BM.GE-სთან აცხადებს, 2025 წელთან შედარებით წინასწარი ჯავშნების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უკვე შეინიშნება.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა - წინასწარი ჯავშნები პრაქტიკულად არ არსებობდა და ბაზრებიც არასტაბილური იყო, რამაც მოთხოვნის კლება გამოიწვია. წელს კი ვითარება შეიცვალა და ტურისტები ვიზიტებს კვლავ რამდენიმე თვით ადრე გეგმავენ.
„წინასწარი ჯავშნები, რომლებიც ხუთი-ექვსი თვით ადრე შემოდის, ისევ დაბრუნდა. შარშან ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო - მაისს პრაქტიკულად ცარიელი შევხვდით, ახლა კი წინასწარი შევსება უკვე 40-45%-ს აღწევს“, - აცხადებს თოდუა.
მისივე ინფორმაციით, ტურისტული ნაკადების გეოგრაფიაც მეტწილად სტაბილურია. ის დასძენს, რომ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით აქტიურობენ ევროპელი ვიზიტორები, ასევე გაიზარდა მოთხოვნა ავსტრალიიდან და აშშ-დან. მეზობელი ქვეყნებიდან კი თურქეთი რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად. მარიკა თოდუა აღნიშნავს, რომ განსხვავებით წინა წლისგან, აზიური ბაზრების აქტივობა შედარებით შემცირებულია : „წელს უფრო ის ბაზრებია აქტიური, რაც კოვიდის შემდეგ პერიოდში გვქონდა - ევროპა წამყვანია, ავსტრალიაც მზარდია, ამერიკიდანაც საკმაოდ ბევრი ჯავშანია, თუმცა არა დიდი ჯგუფების სახით“, - განმარტავს ის.
თოდუას თქმით, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ახალი ტენდენცია დიდი ტურისტული ჯგუფების ზრდაა, რის გამოც ობიექტმა ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე დაიწყო მუშაობა. პარალელურად, ობიექტში მიმდინარეობს სერვისის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, დამატებულია ინვენტარი და ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელდა პროექტი - მოეწყო ბიოსეპტიკური სისტემები, რაც სრულად უსაფრთხო კანალიზაციას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება გამოწვევას, მისივე განცხადებით, პრობლემად რჩება კვლავ ხარჯების ზრდა. ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების გაძვირება პირდაპირ აისახება მომსახურების თვითღირებულებაზე. განსაკუთრებით გაძვირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის ბოსტნეული და რძის ნაწარმი.
„ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. მენიუები და შეთავაზებები გასული წლის ბოლოს უკვე გაგზავნილი გვქონდა, რომლის მინიმალური ღირებულება 55 ლარს შეადგენს, შესაბამისად ფასების კორექტირება ახლა რთულია“, - ამბობს თოდუა და აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, მოგება შესაძლოა მოლოდინზე ნაკლები იყოს, თუმცა, თუ ბაზარზე მოულოდნელი შეფერხებები არ დაფიქსირდა, სეზონი ჯამში პოზიტიურად შეფასდება.