დაზღვევის პოლისების ფასები ძვირდება. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ქვეყანა „რთულ წელიწადში“ შედის და მომხმარებელს, ტრადიციული 10-12%-იანი მატების ნაცვლად, წელს სადაზღვევო ტარიფების მინიმუმ, 15%-ით გაუძვირდებათ.
დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, სადაზღვევო ბაზარზე ფასების მატება კომპლექსური პროცესია, სადაც ერთმანეთს ფინანსური ინფლაცია და მომსახურების გაძვირება კვეთს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები მძაფრი კონკურენციის გამო ტარიფების შეკავებას მაქსიმალურად ცდილობენ, რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.
ასოციაციის ხელმძღვანელი გაძვირების მთავარ კატალიზატორად ელექტროენერგიის გაძვირებასა და საერთო ინფლაციურ ფონს ასახელებს:
„ფასების ზრდა აქამდე, დაახლოებით, 10-12%-ის დონეზე იყო. აქ არის ფინანსური ინფლაცია, მათ შორის, ფასების ინფლაცია. ძალიან მძაფრი კონკურენციის პირობებში, რომელიც ქართულ სადაზღვევო ბაზარზეა, ფასების ზრდის პოტენციალი ძალიან შეზღუდულია. ანუ კომპანიებს რომც უნდოდეთ, ფასების განსაკუთრებულად ვერ გაზრდიან.
წელს ერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელიც მთლიანად ჯერ არ ასახულა, მაგრამ აისახება... სემეკმა ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად გააძვირა. 20 და 25%-ით გაძვირება ერთჯერადად არ არის პატარა ამბავი და რასაკვირველია, ამა თუ იმ ფორმით ესეც აისახება. თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა, სადღაც ფასების ზრდა დაახლოებით, 15%-ის დონეზე იქნება. თუმცა ხომ გეუბნებით, წელს რთული წელი გველის და არ ვიცი, რა მოხდება“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის გაძვირებაზე ამახვილებს, რაც სადაზღვევო ხარჯებზე პირდაპირ აისახება.
„ალუმინი საშინლად ძვირდება, ყველაფერი ძვირდება. რთული პროცესია. აქედანაც გვექნება სერიოზული ზეწოლა ფასებზე და, შესაბამისად, სადაზღვევო ფასებზეც. გაიზრდება ავტონაწილების ფასი, გაიზრდება ფოლადი, გაიზრდება ყველაფერი, რითაც იწარმოება რამე საქართველოში და რაც მერე სადაზღვევო ბაზარზე აისახება. იმიტომ, რომ სადაზღვევო ბაზარი რა არის? ეს არის სამედიცინო მომსახურების ფასები, ეს არის წამლების ფასები - ეს ყველაფერი გაიზრდება.
ეს არის დიდი რისკი თვითონ მოცვისთვის და დაზღვევის გაყიდვისთვის. ადამიანს სადაზღვევო, როგორც წესი, არ არის პირველადი მოხმარების საგანი. ჯერ უნდა დააფინანსოს საჭმელი, მერე უნდა დააფინანსოს რაღაც-რაღაცები და ბოლოს არის დაზღვევა. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, არ ვყოფილვართ - ყველაფრის ფასების აი, ასეთი მკვეთრი ზრდის საფრთხის ქვეშაა“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტარიფების ზრდის წნეხის შესამსუბუქებლად, სადაზღვევო სახელმწიფოსგან ფისკალური მხარდაჭერა და გარკვეული სტიმულებია საჭირო, რათა დაზღვევა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.
„ამის გაკეთება რაღაც მომენტში, მთავრობას მოუწევს. საჭიროა, სხვადასხვა ტიპის საგადასახადო სტიმულები, მათ შორის დაზღვევაშიც. ეს იქნება ის, რომ ადამიანი, რომელიც იზრუნებს თავის თავზე, გადაიხდის ფულს ჯანმრთელობაში... როგორც ახლა კერძო პენსიაშია, რომ რაღაც მცირე ნაწილი, 6 000 ლარამდე წელიწადში, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან - აი, ასეთი ფისკალური სტიმულებია საჭირო, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევაში“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.