პროდუქტების მოსალოდნელი გაძვირების ფონზე, მთავრობამ წამლებთან დაკავშირებით პრევენციული ზომა უკვე მიიღო და რამდენიმე ასეული მედიკამენტის, როგორც საბითუმო, ასევე საცალო რეფერენტული ფასების ზედა ზღვარი დააწესა. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა საჭიროა რეფერენტული მედიკამენტების ნუსხის დრო და დრო განახლება, ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს წამლების ფასის ზედა ზღვარი. აი, სწორედ აქ გაიყო სპეციალისტების აზრი - ერთი ნაწილი თვლის, რომ რამდენიმე ასეული მედიკამენტის დამატება საერთო სურათს ვერ შეცვლის, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, რეფერენტული ფასები მეზობელი და შესადარი ქვეყნების ბაზრებზე არსებული მდგომარეობის მიხედვით დგინდება, რისთვისაც ამ ნუსხის პერიოდულად განახლება აუცილებელია. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზედა ზღვარი, იგივე რეფერენტული ფასი, დამატებით კიდევ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე დაწესდა. „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ახალ ჩამონათვალში მოცემულია მედიკამენტების საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი.

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად ფართოვდება. მთავრობა გეგმავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტები სრულად მოიცვას. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ჰყიდდნენ.

ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“ დამფუძნებელმა მარინა ბერაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რეფერენტული ფასები მიღებული პრაქტიკაა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მეტიც, არსებობს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც ყოველგვარი მოგების გარეშე, ძალიან დაბალ ფასად ან უფასოდ უნდა გაიცეს.

„ასეთი ჩამონათვალი ჩვენთანაც იგზავნება სამინისტროში. ეს ორი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტი განსაზღვრავს იმას, რომ მოსახლეობას ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მედიკამენტებზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ ვერ ხერხდება რეფერენტული მედიკამენტების ერთიანი ბაზის შექმნა, გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს აძლევენ გარკვეულ შეღავათს, რათა დროში ადაპტირება შეძლონ და ამ წესზე ნელ-ნელა გადავიდნენ.

მეტსაც გეტყვით, რეფერენტული მედიკამენტების ნუსხის გაზრდა და თუნდაც სამომავლოდ მისი გაფართოვება დიდ შეღავათს მაინც არ მოგვცემს და რამდენიმე ასეული მედიკამენტის დამატება არსებითად სურათს ვერ შეცვლის“, - განუცხადა „რეზონანსს“ მარინა ბერაძემ.

კითხვაზე, რა შეცვლის სურათს, ანუ რა არის გამოსასწორებელი, სპეციალისტმა გვიპასუხა, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობა.

„მთავარი ისაა, რომ არ შეიძლება, ერთი სუბიექტის ხელში იყოს წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კლინიკა, დაზღვევა და ბანკიც კი. ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია ბაზარზე, ამის გარეშე წარმოუდგენელია. არც ის არის სწორი და რელევანტური, რომ ვინმეს სინდისი შეაწუხებს და ამის იმედზე ვიყოთ. აუცილებელია, მიიღონ კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაარეგულირებს.

სხვათა შორის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ დასვა კითხვა, იმედი მაქვს, პასუხსაც თავად გასცემს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობა და მათი ინტერესები უნდა დავიცვათ კანონით, ეს არის გამოსავალი. ამასთან, აუცილებელია, ადგილობრივი წარმოების განვითარება“, - აღნიშნა მარინა ბერაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტს, აკაკი ზოიძეს. „რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი მუდმივად იცვლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ამ ჩამონათვალის განახლება გარკვეული პერიოდულობით.

„რეფერენტული ზღვარი დგინდება მეზობელი და შესადარი ქვეყნების ბაზრებზე არსებული ფასების მიხედვით და გარკვეული ნიშნულიც ამის მიხედვით განისაზღვრება. ესაა მიზეზი, რის გამოც ჩამონათვალი უნდა განახლდეს. მეორე საკითხია, რომ ამ ნუსხაში არსებული მედიკამენტებიც ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გაფართოვდა.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ და ადგილობრივმა გამოცდილებამ აჩვენა, პაციენტებს გარკვეული შეღავათი ჰქონდათ და აქვთ რეფერენტული ფასების გამო, რადგან ფართო მოხმარების მნიშვნელოვან მედიკამენტებზე კარგი ეკონომია გამოუვიდათ. განსაკუთრებით, ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტები. კარგია, რომ ახლა განახლდა ეს ჩამონათვალი და ახალი ნუსხა დამტკიცდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, რეფერენტული ფასების დადგენასთან ერთად, აუცილებელია მთავრობამ გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს, რომ აფთიაქებში სწორედ ის ფასები ჰქონდეს მედიკამენტებს, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გამოქვეყნებულ ნუსხაშია მითითებული.

„ვფიქრობ, ამას უკეთესი ზედამხედველობა სჭირდება, რადგან იყო შემთხვევა, რომ აფთიაქში იმ მედიკამენტს, რომელზეც რეფერენტული ფასი იყო დადგენილი, უფრო ძვირად ყიდდნენ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი. გარდა ამისა, ის ჩამონათვალი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, სრულყოფილი არ არის, აუცილებელია ამ სიის გაფართოება. აი, ეს არის მთავარი“, - განუცხადა „რეზონანსს“ აკაკი ზოიძემ.

წყარო: რეზონანსი