ჩვენ თუ გვინდა, რომ გვქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური ფასი, იმპორტი უნდა შევამციროთ მაქსიმალურად და უნდა განვავითაროთ საკუთარ ქვეყანაში ჩვენი გენერაციები, ეს იქნება ჰიდრო, ეს იქნება მზე, თუ ქარი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა  გიორგი მარგებაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული ელექტროენერგიის მომწოდებელ ქვეყნებში ტარიფების ცვალებადობაზე.

„ჩვენ ამ სფეროში ვართ და ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს ხელოვნურად დაჭერილი ტარიფი ადრე თუ გვიან გაიზრდებოდა. ისიც გაგვიკვირდა, რომ ასე გაიზარდა და კიდევ უფრო მეტით არა იმიტომ, რომ ეს ტარიფები რაც გაიზარდა ელექტროსისტემას არ ეხება. ახლა რაც შეეხება დენის გათიშვების საკითხს - ჩვენ აქ ვსაუბრობთ არამდგრად ქსელებზე, რომლებიც უნდა გარემონტდეს და განახლდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ გვქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური ფასი, ჩვენი იმპორტი უნდა შევამციროთ მაქსიმალურად და უნდა განვავითაროთ საკუთარ ქვეყანაში ჩვენივე გენერაციები, ეს იქნება ჰიდრო, მზე, თუ ქარი...  უნდა გავზარდოთ ჩვენი გენერაცია და ამისთვის ზუსტად გვჭირდება ახალი ქსელები“, - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანას სჭირდება ახალი ქსელები. „ამაში ინვესტიციით ერთი რომ მოსახლეობასთან მივა ხარისხიანი დენი და მეორე - გენერაცია, რომელიც უნდა შეიქმნას - მოხდება ამის მარტივად დაერთება და ქსელში ინტეგრაცია, რათა იმპორტი დავწიოთ დაბლა, ქვეყანაში გვქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური ფასი და არ ვიყოთ მერყევად, ანუ დამოკიდებული იმაზე, მაგალითად - აზერბაიჯანში რა ფასი იქნება, თურქეთში რა ფასი იქნება და ტრამპი სად, რა ომს დაიწყებს“, - განმარტა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით.

წყარო: ბიზნესპარტნიორი