გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Elle France საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ საიმიჯო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის მთელი წლის განმავლობაში” (Découvrez la Géorgie: un joyau caché pour des émotions inoubliables toute l’année).
სტატიის ავტორი საქართველოს უნიკალურ აღმოჩენად მიიჩნევს მათთვის, ვისაც ავთენტური და თბილი გარემო იზიდავს და მასობრივი ტურიზმისგან დასვენება სურს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა იდეალური მიმართულებაა თავგადასავლების მაძიებლებისთვის, რადგან მისი 12 კლიმატური ზონა, 5 000 მეტრზე მაღალი მწვერვალები, სუბტროპიკული სანაპიროები და 2 000-ზე მეტი მინერალური წყარო ნებისმიერ სეზონზე სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.
სტატიაში მიმოხილულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი და ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებს უკავშირდება. საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლოდ და ევროპაში ადამიანის ყველაზე ადრეულ დასახლებადაა მიჩნეული.
"იგრძენით პოლიფონიური სიმღერის პულსი, აღფრთოვანდით 6000 წლით დათარიღებული ხალხური ცეკვებით. ეს არამატერიალური ფასეულობები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და უძლიერეს ემოციებს ბადებს... პური, ღვინო და კაცობრიობა... საქართველო ნამდვილად არის ემოციების მიწა“. - აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სტატიები წამყვან საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდება. Elle და მსგავს მაღალრეიტინგულ ევროპულ პლატფორმებზე ქვეყნის პოზიციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაღალბიუჯეტიანი ტურისტული ნაკადების ზრდას.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს