პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) კრიპტომაინინგით დაკავებული კომპანიების საქმიანობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს.

"სვანეთში არიან ლიფსიტები და ღორჯოები. ვეშაპი კრიპტოსაწარმოები კი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს აფარებენ თავს და დიდ ზიანს აყენებენ ქვეყნის ენერგეტიკას...“ - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ხელისუფლების მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. „უკანონო კრიპტოფერმებთან“ ბრძოლა და რეგიონის გამრიცხველიანების დაანონსება იყო.

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად რომან გოცირიძემ სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია. მისი ინფორმაციით, თუ 2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მთლიანმა მოხმარებამ 130 მლნ კილოვატ საათი შეადგინა, მხოლოდ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა 752 მლნ კვტ/სთ დენი მოიხმარეს, რაც საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 5%-ს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეგალური და არალეგალური მაინინგის ჯამური მოცულობა 2025 წელს 872 მილიონ კილოვატ საათს აღწევდა, რაც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის, დაახლოებით, 6% იყო.

ელექტროენერგიის მოხმარების რა წილი მოდის საქართველოში ბიტკოინის გამომუშავებაზე - კომპანიების სია

ამ რიცხვებზე დაყრდნობით, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მესტიაში რეიდების ჩატარება და მოსახლეობისთვის მაინინგის აპარატურის ჩამორთმევა სხვა არაფერია, თუ არა რეალური და გაცილებით მასშტაბური დამნაშავეების გადაფარვის მცდელობა.

„...ეს არის ლიფსიტები, მაგრამ ვეშაპები დაცურავენ. [...] სვანეთში ვეშაპები არ არიან, არის ლიფსიტები და ღორჯოები. ვეშაპები არის სწორედ გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისის თავისუფალ ზონაში... მთავარი პრობლემა არის, რომ ყველა დიდი კრიპტოქარხნის უკან „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჩინოვნიკები დგანან“, - განაცხადა მან.

რომან გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ თავად მაინინგი, როგორც ტექნოლოგიური პროცესი, კანონიერი საქმიანობაა, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კრიპტოსაწარმოები უზარმაზარ ზიანს აყენებენ როგორც ენერგეტიკულ სექტორს, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას.

ყოფილი დეპუტატის არგუმენტები თიზ-ებში მაინინგის აკრძალვის სასარგებლოდ რამდენიმე პუნქტად იყოფა:

ნულოვანი ეკონომიკური ეფექტი და დამატებითი ღირებულება: „თიზ-ების შექმნის პირვანდელი იდეა იყო ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. მაინინგი კი არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის. მაგალითად, გლდანის თიზ-ის ტერიტორიაზე, რომელიც საფეხბურთო მოედნის ხელაა, სულ რაღაც 70 ადამიანია დასაქმებული. იქვე მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანი ბიუჯეტში იმაზე მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე ეს გიგანტური კრიპტოფერმა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტის ხარჯზე: საქმე ის არის, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კომპანიები გათავისუფლებულნი არიან დღგ-სგან და ყველა სხვა ძირითადი გადასახადისაგან. შესაბამისად, რომან გოცირიძის თქმით, ისინი სრულიად უსამართლოდ იღებენ 18%-ით შეღავათიან ელექტროენერგიასაც.

ენერგეტიკული დესტრუქცია და დამოკიდებულება რუსეთზე: რომან გოცირიძის განცხადებით, მაინინგით დაკავებული კომპანიები და კერძო პირები, ჯამში, 1 მილიარდ კილოვატ საათამდე დენსმოიხმარენ, რაც თბილისის მეტროპოლიტენისა და რკინიგზის ერთობლივ მოხმარებაზე ბევრად მეტია.

„ეს არის იმდენი ელექტროენერგია, რაც ჩვენ მივიღეთ შარშან რუსეთიდან. ანუ რუსეთიდან ვყიდულობთ ძვირ დენს, რომელსაც მოიხმარენ მაინინგფერმები. ამიტომაც უნდა აიკრძალოს თიზ-ებში კრიპტოვალუტის გამომუშავება შეღავათიანი ელექტროენერგიით “, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ „არასასათბურე, ნორმალურ საგადასახადო რეჟიმში ამ ბიზნესს არსებობა უბრალოდ არ შეეძლება“.

მისივე აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ამ სახის ეკონომიკური საქმიანობისადმი მიდგომა: „პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მათი ფუნქციონირება. თავად ეს ზონები უკიდურესად მახინჯი წარმონაქმნია“.

ყოფილი დეპუტატი იქვე დასძენს, რომ სვანეთშიც რომ არა „მუქთა ელექტროენერგია“, პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.

„კრიპტოვალუტის ლეგალურად მოპოვება კრიმინალი არ არის; კრიმინალია ელექტროენერგიის ქურდობა და მისი არამიზნობრივი მოხმარება სხვის ხარჯზე“, - აღნიშნა მან ინტერვიუში და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედ ე.წ. მაინერებს მფარველები ყოველთვის ხელისუფლებაში ჰყავდათ, რის გამოც წლების განმავლობაში პრობლემის მოგვარებისკენ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

bm.ge