“სინგაპურში ამ მასშტაბის ღონისძიებაში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და დავინახეთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, დიდი ინტერესი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
როგორც GITA-ს თავმჯდომარე ამბობს, მთავარი აქცენტი იმ უპირატესობებზე გაკეთდა, რასაც ქვეყანა ინოვაციურ სექტორს სთავაზობს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობს. მათ შორის, ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის მექანიზმს, საერთაშორისო აქსელერატორებზე წვდომას, ასევე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, როგორც საგრანტო, ისე ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით,” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით, ფორუმში ქართული სტარტაპები: Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester მონაწილეობდნენ.
“დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა. დარწმუნებული ვარ, სინგაპური და, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი ჩვენი სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობების წყარო გახდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას,“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულზე საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქვეყნის პავილიონით “StartUP in Georgia”. სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული ყოველწიურად 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
ინფორმაციას ინოვაციების სააგენტო ავრცელებს