პანკრეასის კიბოს მკურნალობა ურთულესია.

ქირურგიული ჩარევის ან ქიმიოთერაპიის შემდეგაც კი, დაავადება შეიძლება სრულად არასოდეს გაქრეს.

ზოგიერთი შეფასებით, პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე პაციენტთა 80 პროცენტის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.

დაავადების ხელახლა დაბრუნების განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჩანან პაციენტები, რომლებსაც გარკვეული გენების მუტაციები აქვთ.

მეიოს კლინიკის ახალ კლინიკურ კვლევაში შეამოწმეს პოტენციური ვაქცინა.

რანდომიზებული კვლევის მეორე ფაზაში, თითქმის ყველა პაციენტს, ვინც ვაქცინა მიიღო, განუვითარდა იმუნური პასუხი მუტირებული გენის, სახელად KRAS-ის წინააღმდეგ.

KRAS-ში მუტაციები სადინრის ადენოკარცინომის მქონეთა დაახლოებით 90 პროცენტში გვხვდება; ეს გახლავთ პანკრეასის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი.

თუ პრეპარატს შეუძლია მიზანში ამოიღოს უჯრედები, რომლებსაც ეს მუტაციები აქვთ გამოხატული, თეორიულად, მას შეუძლია კიბოს შეკავება.

ეს არ ამტკიცებს, რომ ვაქცინას პანკრეასის კიბოს ხელახლა დაბრუნების შეჩერება შეუძლია, მაგრამ არის იმედის მომცემი ნიშნები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როგორც სხვა ვაქცინებმა აჩვენა, ასეთი იმუნური რეაქციები დაკავშირებულია გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

„ისტორიულად, იმუნოთერაპიით პანკრეასის კიბოს მკურნალობა ძალიან რთულია. შემაგულიანებელი ისაა, რომ შევძელით ძლიერი იმუნური პასუხების წარმოქმნა KRAS მუტაციების წინააღმდეგ ჩვენ მიერ შეფასებულ თითქმის ყველა პაციენტში. კვლევით ანალიზებში, პაციენტები, რომლებსაც ვაქცინის მიმართ უფრო ძლიერი იმუნური პასუხი ჰქონდათ, დაცულნი აღმოჩნდნენ, რაც დაავადების გარეშე ცხოვრების უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოიხატა“, — ამბობს კვლევის ავტორი, სამედიცინო ონკოლოგი ბენ ჯორჯი.

ახალ ვაქცინას კამპუპეპიმოტი ეწოდება და შექმნილია, რათა სხეულის იმუნურ უჯრედებს სიმსივნის იმ უჯრედთა ამოცნობა და თავდასხმა ასწავლოს, რომლებსაც KRAS გენში გამოხატული აქვთ შვიდი გავრცელებული მუტაცია.

ეს მუტაციები პანკრეასის კიბოს გადარჩენასა და აღორძინებაში ეხმარება.

კლინიკური კვლევების მეორე ფაზაში მონაწილეობდა 144 პაციენტი, რომლებსაც KRAS-მუტირებული პანკრეასის კიბო ქირურგიული ჩარევითა და ქიმიოთერაპიით ჰქონდათ ნამკურნალები.

ცდის დაწყებისას, სკანირების მონაცემებში არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა კიბოს ხილული ნიშნები.

ჯორჯმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევითად შეარჩიეს 96 პაციენტი, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთეს, დანარჩენი 48 კი საკონტროლო ჯგუფის ფუნქციას ასრულებდა.

მნიშვნელოვანია, რომ ორ ჯგუფს შორის დაავადების გარეშე გადარჩენის მაჩვენებლებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა.

თუმცა, ვინც ვაქცინა მიიღო, ძლიერი იმუნური რეაქცია აღენიშნა იმასთან შედარებით, რაც ვაქცინაციამდე ჰქონდათ.

იმ 90 პაციენტს შორის, რომლებმაც ეს მედიკამენტი მიიღეს და რომელთა მდგომარეობის შეფასებაც შესაძლებელი იყო, 98,9%-ს გაუძლიერდა T-ლიმფოციტური პასუხი მუტირებული KRAS-ის მიმართ.

პაციენტთა 80 პროცენტზე მეტში T-ლიმფოციტური პასუხი 9-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ვაქცინაციამდე.

„ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, იმუნურ სისტემას ვასწავლოთ ამ KRAS მუტაციების ამოცნობა. შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევაა, შეუძლია თუ არა ამას პაციენტებისთვის დაავადების კურსის შეცვლა“, — ამბობს ჯორჯი.

ავტორები ამბობენ, რომ მეორე ფაზის შედეგები წარმოადგენს ვაქცინის პოტენციური კლინიკური სარგებლიანობის კონცეფციის დადასტურებას.

ახალი მედიკამენტი მიზანში იღებს სხეულის ლიმფურ კვანძებს, რომლებსაც ის წარმატებით აღწევს და ცვლის იმუნურ პასუხებს.

თუმცა, ამის მიღმა მისი სარგებელი უცნობია.

უკვე დაგეგმილია კლინიკური კვლევის მესამე ფაზა, რომელშიც პაციენტებს გაუკეთებენ ვაქცინის დამატებით ბუსტერ დოზას და შეიძლება შეამოწმონ ისიც, როგორ მუშაობს ეს პრეპარატი კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

მაგალითად, ბოლო პერიოდში, კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში წარმატება აჩვენა კიბოს პირველმა პერსონალიზებულმა mRNA ვაქცინამ, როცა ის სტანდარტულ იმუნოთერპიასთან კომბინაციაში გამოიყენეს.

ორი პრეპარატის კომბინაციამ მხოლოდ სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით 42 პროცენტით შეამცირა მელანომის დაბრუნების ან სიკვდილის რისკი.

პანკრეასის ვაქცინის მსგავსად, მელანომის ეს ვაქცინაც იმუნურ რეაქციას იწვევს. თუმცა, სხვაობა ისაა, მელანომის ვაქცინამ მკაფიო კლინიკური სარგებელი აჩვენა.

თუ პანკრეასის ამ ვაქცინამ პაციენტთა გადარჩენა ვერ გაახანგრძლივა, არის კიდევ ერთი ვარიანტი.

თუმცა, ის პერსონალიზებული mRNA ვაქცინაა, მელანომის ვაქცინის მსგავსი.

ისიც ჯერ კლინიკურ კვლევებშია, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, წლევანდელი მონაცემებით პანკრეასის კიბოთი დაავადებული შვიდი პაციენტი, რომელთა იმუნურმა სისტემამაც mRNA ვაქცინაზე რეაგირება მოახდინა, ცოცხალი და ჯანმრთელია.

ერთ-ერთ პაციენტს 66 წლის ასაკში დაუსვეს მომაკვდინებელი კიბოს დიაგნოზი და მას შემდეგ, ვაქცინის 9 დოზა გაიკეთა.

ის ახლა 72 წლისაა.

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების მომავალი ახლა უფრო იმედის მომცემია, ვიდრე ოდესმე.

კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mayoclinic.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი