FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებისა და მასპინძლობის პაკეტების გაყიდვით დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს მაჩვენებელი ხუთჯერ აღემატება 2022 წელს ყატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ანალოგიური შემოსავლების მოცულობას, რომელიც 929 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბილეთებისა და მასპინძლობის პაკეტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება FIFA-ს თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შემოსავლების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის, მატჩების რაოდენობის 64-დან 104-მდე გაზრდა, ბილეთებზე დინამიკური ფასების სისტემის დანერგვა და ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით ბილეთების გადაყიდვა.

The Times-ის ცნობით, FIFA საკუთარ გადაყიდვის პლატფორმაზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან ბილეთის ღირებულების 30%-ს იღებდა. ამასთან, მოთხოვნის მიხედვით ფასების ცვლილების სისტემამ ბილეთების ღირებულება, მათ შორის ნაკლებად პოპულარულ მატჩებზეც, გაზარდა. აღნიშნულ პოლიტიკას გულშემატკივართა ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

FIFA-მ დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა. ორგანიზაციის განმარტებით, საბოლოო ფინანსური მონაცემები აუდიტის დასრულებისა და მომდევნო წლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. FIFA აცხადებს, რომ არაკომერციული ორგანიზაციაა და მიღებულ შემოსავლებს, საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით, ფეხბურთის განვითარებასა და 211 წევრ ეროვნულ ფედერაციაზე მიმართავს.

ცალკე აღსანიშნავია, რომ FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაციის მთლიანმა შემოსავალმა 2023–2026 წლების ფინანსურ ციკლში შესაძლოა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. ეს მაჩვენებელი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემოსავლებს არ მოიცავს და სხვა ტურნირებიდან მიღებულ თანხებსაც აერთიანებს.