როგორც ჩანს, Microsoft ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე კონკურენციის გამწვავებისთვის ემზადება. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიამ შიდა შეხვედრაზე გაყიდვების გუნდს ახალი სტრატეგია გააცნო, რომლის მიზანიც Microsoft-ის AI-პროდუქტების უპირატესობის ხაზგასმაა OpenAI-ს, Google-ისა და Anthropic-ის ხელსაწყოებსთან შედარებით.
ახალი ფინანსური წლის სტრატეგიულ შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს მოუწოდეს, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული აქცენტი Microsoft-ის AI-მოდელებზე გაეკეთებინათ და კონკურენტების პროდუქტებთან შედარებით მათი ეფექტიანობა და ეკონომიურობა წარმოეჩინათ.
Microsoft-ის თქმით, კონკურენტები ცალკეულ კომპონენტებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მაშინ როცა Microsoft სრულ, თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულ ეკოსისტემას ქმნის. სწორედ ეს უნდა გახდეს კომპანიის მთავარი გზავნილი ახალი ფინანსური წლის განმავლობაში.
შეხვედრაზე Copilot-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიკობ ანდრეუმაც წარადგინა შედარება Copilot-სა და Anthropic-ის ჩატბოტ Claude-ს შორის. მისი შეფასებით, Microsoft-ის საოფისე აპლიკაციებში Claude უფრო ნელა მუშაობს, ნაკლებად ზუსტია და უსაფრთხოების ინტეგრაციის კუთხითაც ჩამორჩება Copilot-ს.
კომპანიის მიერ გაყიდვების გუნდისთვის კონკურენტების სისუსტეებზე ყურადღების გამახვილება უჩვეულო არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ Microsoft ახლა სწორედ იმ კომპანიებს უპირისპირდება, რომელთა AI-მოდელებზეც წლების განმავლობაში თავად იყო დამოკიდებული.
ეს ცვლილება უკვე სხვა მიმართულებითაც შეინიშნება. ამ თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-მა ისეთ ძირითად პროდუქტებში, როგორებიცაა Word და Excel, OpenAI-ისა და Anthropic-ის ზოგიერთი მოდელი საკუთარი AI-გადაწყვეტილებით ჩაანაცვლა. გავრცელებული ცნობებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარჯების შემცირებაა.
Microsoft-სა და OpenAI-ს შორის პარტნიორობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობად მიიჩნეოდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. Microsoft OpenAI-ს ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს აწვდიდა, სანაცვლოდ კი მისი API-ებისა და მოდელების ექსკლუზიურ გამოყენების უფლებას ფლობდა.
თუმცა 2026 წლის აპრილში კომპანიებმა პარტნიორობის პირობები შეცვალეს. შეთანხმებიდან ამოიღეს ექსკლუზიურობის პუნქტი, რის შედეგადაც OpenAI-ს საკუთარი ტექნოლოგიების სხვა კომპანიებისთვის შეთავაზების შესაძლებლობაც მიეცა.
ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა Microsoft-ის გაყიდვების ახალი სტრატეგია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინვესტორები კითხვებს სვამენ კომპანიის AI-მიმართულებით გაწეულ მასშტაბურ ინვესტიციებზე, რის გამოც Microsoft ცდილობს უფრო აქტიურად წარმოაჩინოს, რომ მისი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ბაზარზე სრულფასოვანი და კონკურენტუნარიანი ალტერნატივაა.