ცენტრალურ საბერძნეთში ადგილობრივები და ფერმერები ყოველდღიურად სარგებლობენ ხიდით, რომლის ცენტრალური ნაწილიც თითქმის სამი წლის წინ ჩაინგრა. ოფიციალურად მოძრაობა აკრძალულია, თუმცა ფიზიკური ბარიერების არარსებობის გამო პიკაპებისა და მაღალი გამავლობის ავტომობილების მძღოლები დაზიანებულ მონაკვეთზე გადასვლას კვლავ ახერხებენ.

პალაიოპირგოსის ხიდი 2023 წლის სექტემბერში, შტორმ „დანიელის“ შედეგად დაზიანდა. სტიქიამ საბერძნეთის თესალიის რეგიონში ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა და წყალდიდობის შედეგად მხოლოდ ამ რეგიონში 79 ხიდი ჩაინგრა. მათ შორის იყო პალაიოპირგოსის ხიდიც, რომლის შუა ნაწილი მდინარე პინიოსისკენ ჩაიწია.

მიუხედავად მძიმე დაზიანებისა, ხიდი ადგილობრივი მარშრუტის ნაწილად დარჩა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეშვებიან ავტომობილები ჩანგრეულ მონაკვეთზე და შემდეგ მეორე მხარეს ციცაბო ფერდობზე ადიან. ასეთი გადაადგილება ჩვეულებრივ გზას ნაკლებად ჰგავს და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

ადგილობრივები სახიფათო მარშრუტის გამოყენებას დროისა და საწვავის დაზოგვით ხსნიან. ხიდის გარეშე მდინარის მეორე მხარეს მოსახვედრად მათ ეროვნულ ავტომაგისტრალზე გაცილებით გრძელი გზის გავლა უწევთ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ფერმერებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ მიწის ნაკვეთებსა და დასახლებებს შორის გადაადგილება.

საფრთხე მხოლოდ ადგილობრივ მძღოლებს არ ეხებათ. დაზიანებული ხიდისკენ ავტომობილებს ზოგჯერ სანავიგაციო სისტემებიც მიუთითებს. შედეგად, ტურისტები და უცხოელი მგზავრები ჩანგრეულ მონაკვეთთან მოულოდნელად ხვდებიან და უკან მობრუნება უწევთ. ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშნები დგას, თუმცა ხიდის შესასვლელი სრულად გადაკეტილი არ არის.

ხიდი ოფიციალურად თითქმის სამი წელია გამოუსადეგარია, მაგრამ მისი აღდგენა ჯერ არ დაწყებულა. ადგილობრივები კი, უსაფრთხოების მაღალი რისკის მიუხედავად, დაზიანებულ კონსტრუქციას ყოველდღიური გზის შესამოკლებლად კვლავ იყენებენ.

www.crystalauto.ge