კადრების სიჭარბე და დეფიციტი საქართველოში - რომელ სპეციალობებზე ვერ პასუხობს განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნას?

საქართველოში სტუდენტების მიერ არჩეულ სპეციალობებსა და შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, ზოგიერთ მიმართულებაზე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სამუშაო ძალაზე მოთხოვნას რამდენჯერმე აჭარბებს, სხვა სფეროებში კი კადრების მკვეთრი დეფიციტია.

კვლევა მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის პროგნოზს მოიცავს. კერძო სექტორის შესასწავლად გამოიკითხა 12 500 საწარმო, მათ შორის, ყველა მსხვილი და საშუალო ზომის კომპანია და შერჩევის პრინციპით განსაზღვრული მცირე საწარმოები. საველე სამუშაოები და მონაცემთა დამუშავება საქსტატმა განახორციელა, შედეგები კი ეკონომიკის სამინისტრომ გააანალიზა. პროგნოზირებისას გამოყენებული იყო Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილი მოდელი და გათვალისწინებული იყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

მომდევნო ხუთ წელში 64 ათასზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე კადრი იქნება საჭირო

კვლევის მიხედვით, საჯარო და კერძო სექტორებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების მქონე 64 095 თანამშრომელი დასჭირდებათ.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა მოსალოდნელია:

  • საშუალო სკოლის მასწავლებლებზე — 6 149;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებზე — 4 761;
  • ექთნის დამხმარე სპეციალისტებზე — 2 781;
  • ექიმ-სპეციალისტებზე — 2 701;
  • მშენებლობის მენეჯერებზე — 1 710;
  • პროგრამისტებზე — 1 691;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლებზე — 1 655;
  • მშენებლობის ზედამხედველებზე — 1 299;
  • ელექტროტექნიკოსებზე — 1 124;
  • მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერებზე — 1 008.

ყველაზე დიდი სიჭარბე სოციალურ მეცნიერებებსა და სამართალშია

სამართლის მიმართულებაზე ყოველწლიურად საშუალოდ 3 598 სტუდენტი ირიცხება და სწავლას 2 047 ასრულებს. შრომის ბაზრის წლიური მოთხოვნა კი მხოლოდ 678 კადრია. შესაბამისად, მოთხოვნასთან შედარებით ჩარიცხულთა რაოდენობა თითქმის 2 920-ით, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა 1 369-ით მეტია.

კიდევ უფრო დიდი დისბალანსია სოციალური მეცნიერებების მიმართულებაზე. ყოველწლიურად საშუალოდ 4 916 სტუდენტი ირიცხება, მაშინ როცა შრომის ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 412 კადრს შეადგენს.

ცალკეული სპეციალობების მიხედვით:

  • ფსიქოლოგიაზე საშუალოდ 1 845 სტუდენტი ირიცხება, მოთხოვნა კი 43 კადრია;
  • პოლიტიკის მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე — 1 506 სტუდენტი, მოთხოვნა 87;
  • ჟურნალისტიკაზე — 1 129 სტუდენტი, მოთხოვნა 86;
  • სოციოლოგიაზე — 393 სტუდენტი, მოთხოვნა მხოლოდ 4 კადრი.

ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებაზეც მიწოდება მოთხოვნას აღემატება. ამ ფაკულტეტებზე საშუალოდ 8 525 სტუდენტი ირიცხება, ხოლო ბაზრის წლიური მოთხოვნა 3 433 კადრია. ეკონომიკის სპეციალობაზე 1 053 ჩარიცხულზე მოთხოვნა მხოლოდ 151-ს შეადგენს.

სად არის კადრების დეფიციტი?

კვლევა განსაკუთრებით დიდ ნაკლებობას აჩვენებს პედაგოგიკისა და საექთნო საქმის მიმართულებებზე.

პედაგოგიკის პროგრამებზე ყოველწლიურად საშუალოდ 794 სტუდენტი ირიცხება და 319 ამთავრებს, ბაზარს კი დაახლოებით 2 134 კადრი სჭირდება. კურსდამთავრებულთა რაოდენობასა და მოთხოვნას შორის სხვაობა 1 815-ს აღწევს.

საექთნო და სამეანო საქმეზე საშუალოდ მხოლოდ 49 სტუდენტი ირიცხება და ცხრა ასრულებს სწავლას, მაშინ როცა წლიური მოთხოვნა 986 კადრია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი დეფიციტია კვლევაში.

კადრების ნაკლებობა ფიქსირდება ასევე:

  • მშენებლობაში;
  • ენერგეტიკაში;
  • ქიმიურ ტექნოლოგიასა და მეტალურგიაში;
  • ტრანსპორტის სფეროში;
  • აგროინჟინერიაში;
  • მეცხოველეობაში;
  • წყლისა და ნიადაგის რესურსების ინჟინერიაში;
  • სატყეო საქმეში;
  • სოციალურ მუშაობაში;
  • ფიზიკასა და ქიმიაში.

საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ჩარიცხულთა რაოდენობა მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა კურსდამთავრებულთა რაოდენობა ბაზრის საჭიროებაზე ოდნავ ნაკლებია: საშუალოდ 2 232 სტუდენტი ირიცხება, 745 ამთავრებს, ხოლო წლიური მოთხოვნა 812 კადრია. ეს შესაძლოა მიუთითებდეს არა სპეციალისტების საერთო სიჭარბეზე, არამედ სტუდენტების დიდი ნაწილის მიერ სწავლის დაუსრულებლობაზე ან შესაბამისი კვალიფიკაციის ვერმიღებაზე.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის. მთავარი გამოწვევაა განათლების სისტემის, სასწავლო პროგრამებისა და მისაღები კვოტების შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებთან შესაბამისობა. ზოგი მიმართულება ყოველწლიურად იმაზე ბევრად მეტ კურსდამთავრებულს ამზადებს, ვიდრე ეკონომიკას სჭირდება, კადრების დეფიციტის მქონე სფეროები კი საჭირო რაოდენობის სპეციალისტებს ვერ იღებს.