საფრანგეთში მიაგნეს გზას, როგორ გამოიყენონ მიტოვებული სარკინიგზო ხაზები და სოფლების მცხოვრებლებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი შესთავაზონ.
ე.წ. „ფერომობილებს“, ანუ „რკინის ავტომობილებს“, გადაადგილება როგორც ჩვეულებრივ გზებზე, ისე რკინიგზის ლიანდაგებზე შეეძლებათ. ლიანდაგებზე მოძრაობისას მათ ხელოვნური ინტელექტი მართავს, ჩვეულებრივ გზაზე კი საჭეს მძღოლი აკონტროლებს.
საფრანგეთში დაახლოებით ექვსი ათასი კილომეტრი სარკინიგზო ხაზი აღარ გამოიყენება. მათი თანამედროვე მატარებლებისთვის აღდგენა ეკონომიკურად წამგებიანია. ახალი ტრანსპორტის დახმარებით კი ეს ხაზები პატარა დასახლებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად კვლავ ამოქმედდება და ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებაც შემცირდება.
საინჟინრო კომპანია SICEF-მა სერიული ელექტრომიკროავტობუსი Peugeot e-Traveller გადააკეთა. ავტომობილის ჩვეულებრივ საბურავებს დასაკეცი სარკინიგზო ბორბლები დაემატა. გზაზე მოძრაობისას ისინი აწეულია, ხოლო ლიანდაგზე გადასვლის წინ დაბლა ეშვება და რელსებზე თავსდება.
„ფერომობილი“ რვა მგზავრზეა გათვლილი. მას შეუძლია იმუშაოს როგორც წინასწარ განსაზღვრული განრიგით, ლოდინის შემცირებული დროით, ისე გამოძახების პრინციპით. მგზავრები ტრანსპორტის მოთხოვნას სმარტფონის საშუალებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეძლებენ, ტაქსის მსგავსად.