ევროკომისიამ წინასწარი შეფასებით დაადგინა, რომ TikTok-ის, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებელთა მიჩვევაზე გათვლილი დიზაინი შესაძლოა ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს არღვევდეს.
საუბარია ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა სოციალური ქსელის ლენტის უსასრულოდ ჩამოსქროლვა, ვიდეოების ავტომატურად ჩართვა, აპლიკაციის ხშირი გახსნისკენ მიმართული შეტყობინებები და ალგორითმები, რომლებიც მომხმარებლებს მათი ინტერესების მიხედვით შერჩეულ კონტენტს მუდმივად სთავაზობენ.
ევროკომისიის შეფასებით, მსგავსი მექანიზმები შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს მომხმარებლების ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებსა და მოზარდებს, რადგან მათ სოციალურ ქსელებში გატარებული დროის კონტროლი უფრო მეტად უჭირთ.
სოციალური ქსელების გადაჭარბებულ გამოყენებას სპეციალისტები უკავშირებენ შფოთვის მატებას, დეპრესიულ მდგომარეობას, ქრონიკულ გამოუძინებლობას, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესებასა და უმოძრაო ცხოვრების წესით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ პლატფორმებმა მხოლოდ ცალკეული პარამეტრები კი არ უნდა შეცვალონ, არამედ გადახედონ მომსახურების ძირითად სტრუქტურასაც. შესაძლო ზომებს შორის სახელდება უსასრულო ლენტის შეზღუდვა, რეკომენდაციის სისტემების შეცვლა და ისეთი ფუნქციების დანერგვა, რომლებიც ღამის საათებში აპლიკაციის გამოყენებას შეამცირებს.
Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta-ს შესახებ ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა 2026 წლის 10 ივლისს გამოაქვეყნა. გამოძიების მიხედვით, კომპანიამ სათანადოდ ვერ შეაფასა, როგორ მოქმედებს პლატფორმების მიჩვევის გამომწვევი დიზაინი არასრულწლოვნებსა და სხვა მოწყვლად მომხმარებლებზე.
თუ დარღვევა საბოლოოდ დადასტურდება და კომპანიები მოთხოვნებს არ შეასრულებენ, მათ შესაძლოა წლიური გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.
ევროკავშირის ქვეყნებში პარალელურად აქტიურად განიხილავენ მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას. საფრანგეთში მსჯელობენ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ბავშვები სოციალურ ქსელში მშობლის თანხმობის გარეშე ვერ დარეგისტრირდებიან. მსგავსი ზომების მიღებას ან გამკაცრებას სხვა ევროპული ქვეყნებიც განიხილავენ.