„რუსეთის მიერ დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობის დროებით შეჩერებისა და აზოვის ზღვაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით საფრთხე არ იკვეთება“, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისივე შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ქვეყანაში როგორც მარაგები, ისე ფასები, სავარაუდოდ, სტაბილური იქნება, ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი დაასახელა.
ცნობისთვის, რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მიმოსვლა დროებით შეაჩერა.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს უკრაინის მიერ აზოვის ზღვაში რუსულ გემებსა და ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის რუსეთის, ხორბლის ექსპორტის თითქმის მეოთხედი სწორედ აზოვის ზღვის გავლით ხორციელდება.
„რამდენიმე სერიოზული ფაქტორია, თუმცა ისინი ფუნდამენტური არ არის. ფუნდამენტური ყოველთვის იყო მსოფლიოში ხორბლის მოსავალი, გარდამავალი მარაგები, საექსპორტო მაჩვენებლები და ა.შ.
ბოლო წლებში სერიოზულად შემოვიდა პოლიტიკური ფაქტორებიც. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთი, რომელიც მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პირველი მოთამაშეა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ შორის, უკრაინაც, რომელიც ასევე საკმაოდ დიდი მოთამაშეა.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს თავად რუსეთში საწვავის დეფიციტია და როგორ მოქმედებს ეს ხორბლის აღებაზე, უნდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემა ნაკლებია.
რუსეთში ფერმერებისა და კომპანიების დაახლოებით 80% მსხვილი ჰოლდინგებია, რომლებიც საწვავს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საჭირო რესურსებს 2-3 თვით ადრე იმარაგებენ.
აქედან გამომდინარე, ნავთობთან დაკავშირებული კრიზისი მათთვის ნაკლებად პრობლემურია. შესაბამისად, ეს 80% მეტ-ნაკლებად მომზადებული იყო.
დარჩენილი 20% საწვავს მიმდინარე რეჟიმში ყიდულობს, ამიტომ მათთვის გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს პრობლემა ანულირებულია.
რა თქმა უნდა, გაზაფხულზე, როდესაც დათესვის სამუშაოები დაიწყება, ეს ფაქტორი აუცილებლად აისახება.
მეორე ფაქტორია აზოვის ზღვის პრობლემა. დღეის მდგომარეობით, ომი ის არის, რომ ხშირად გარკვეული წესები აღარ არსებობს. დაახლოებით, 20 გემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია აზოვის ზღვის მიმართულების ფაქტობრივი ჩაკეტვა. ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას განაპირობებს.
თუმცა, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ისეთი სერიოზული გამოწვევა არ იქნება, როგორიც მსოფლიო ბაზრისთვის.
ზღვით ხორბალი ფოთის პორტში ქერჩის სრუტის გავლით შემოდის, თუმცა გვაქვს კიდევ ორი მნიშვნელოვანი მიმართულება, საიდანაც უფრო დიდი ინტენსივობით შემოდის ხორბალი - ლარსის საავტომობილო გზა და სარკინიგზო, რომელიც გარდაბნის მიმართულებით შემოდის.
შედეგად, ის მოსავალი, რომელიც ექსპორტზე ზღვით უნდა გასულიყო, ფაქტობრივად, შეფერხდა, თუმცა ჩარჩა რუსეთში. ამან გამოიწვია ფასების, სულ მცირე, სტაბილურობა ჩვენ მხარეს. იმიტომ, რომ ეს ხორბალი ვერ იყიდება ზღვით, სახმელეთო მიმართულებით კი შემოთავაზება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნაა.
რეალურად, გრძელვადიან პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, თუმცა მოკლევადიანი, სამთვიანი პროგნოზით - ფასებისა და მარაგების სტაბილურობაა ჩვენთან.
ამას დადებით ფაქტორად ემატება ადგილობრივი ხორბლის მოსავალიც, რომლის აღება საქართველოში უკვე დაიწყო. მოსავლის მოცულობა დაახლოებით 200 000 ტონად არის დაანონსებული, საიდანაც საშუალოდ 100 000 ტონა სასურსათო ხორბალი იქნება. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს, რომ მარაგების მხრივ მშვიდად ვიყოთ.
ფასთან მიმართებით შესაძლოა, გარკვეულწილად მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს გავყვეთ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთში ჭარბი მიწოდებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ზღვით გატანა ვერ ხდება,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.