Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის განმთავსებლებისთვის ახალი გადახდის მეთოდი დაამატა. შესაბამის მომხმარებლებს სარეკლამო ანგარიშის შევსება დოლართან მიბმული სტეიბლკოინით, USDC-ით, შეუძლიათ. ფუნქცია ეტაპობრივად ინერგება და ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებსა და ანგარიშებზეა ხელმისაწვდომი.
Meta-ს ოფიციალური განმარტებით, კომპანია კრიპტოვალუტას თავად არ იღებს და არ ინახავს. USDC-ით გადახდისას მესამე მხარის გადახდის პარტნიორი ციფრულ აქტივს ადგილობრივ ვალუტაში აკონვერტირებს, Meta-სთან ანგარიშსწორებას ახორციელებს, შესაბამისი თანხა კი მომხმარებლის სარეკლამო ანგარიშზე აისახება.
ახალი ფუნქცია ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც უკვე ფლობენ USDC-ს, Meta-ს რეკლამის ბიუჯეტის შევსება ტრადიციული საბანკო ბარათისა და სხვა გადახდის მეთოდების ალტერნატივით შეუძლიათ. ამასთან, Meta კვლავ ინარჩუნებს ჩვეულებრივ გადახდის საშუალებებს, მათ შორის საკრედიტო და სადებეტო ბარათებს, PayPal-სა და, შესაბამის ბაზრებზე, საბანკო გადარიცხვებს.
კომპანია პარალელურად ავითარებს სტეიბლკოინებთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებსაც. Meta-მ შერჩეული კონტენტის შემქმნელებისთვის USDC-ით ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაც დანერგა, მათ შორის Solana-სა და Polygon-ის ქსელებზე თავსებადი კრიპტოსაფულეების გამოყენებით.
Meta-სთვის ეს კრიპტოსფეროში დაბრუნების ახალი ეტაპია. კომპანია წარსულში საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას Libra-ს, მოგვიანებით კი Diem-ის პროექტის ფარგლებში ცდილობდა, თუმცა პროექტი მარეგულირებელი წინააღმდეგობების შემდეგ დაიხურა. ახალი მოდელი განსხვავებულია, რადგან Meta საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის ნაცვლად უკვე არსებულ სტეიბლკოინსა და გარე გადახდის ინფრასტრუქტურას იყენებს.
წყაროები:
https://www.facebook.com/business/help/1014257654650219
https://business.facebook.com/business/help/173319523214585
https://www.facebook.com/business/help/212763688755026
https://www.facebook.com/business/help/1141348158001625