CNBC-ის ინფორმაციით, Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე Meta VR Glasses - ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოწყობილობა წინა Quest-ის სერიასთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია, თუმცა მისი ფასი გაცილებით მაღალი იქნება.

Meta VR Glasses-ის გაყიდვა 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ფასი 1 299 დოლარი იქნება. ეს Meta-ს პირველი ახალი VR მოწყობილობაა 2024 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ $299-იანი Quest 3S წარმოადგინა.

ახალი სათვალე Qualcomm-ის პროცესორსა და ელემენტს თავად სათვალეში კი არა, გარე პატარა მოწყობილობაში („პაკში“) ათავსებს, რომელიც მინი-კომპიუტერის ფუნქციასაც ასრულებს. ეს მიდგომა სათვალის ზომისა და წონის შემცირებას უწყობს ხელს.

მოწყობილობას გაუმჯობესებული გამოსახულების ხარისხი ექნება და ის მომხმარებლის თვალისა და ხელის მოძრაობებსაც აკვირდება, რის გამოც ვირტუალურ სივრცეში მოქმედებისთვის კონტროლერების გამოყენების საჭიროება მცირდება.

ცუკერბერგმა ასევე წარადგინა Muse Charm - პატარა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს Meta-ს AI ასისტენტთან საუბარი პირდაპირ შეეძლებათ. ამისთვის ტელეფონის განბლოკვა ან რომელიმე აპლიკაციის გახსნა საჭირო არ იქნება.

Meta-ს ხელმძღვანელს Muse Charm-ის ფასი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ კომპანია მოწყობილობის გამოშვებას 2026 წლის დეკემბრის სადღესასწაულო სეზონისთვის გეგმავს.